M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ინგლ. Multiple Launch Rocket System (MLRS) | |
---|---|
M270 რაკეტის გაშვების მომენტში | |
ტიპი | ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა |
წარმომავლობის ქვეყანა | აშშ |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია | 31 მარტი, 1983 — დღემდე |
ომები და კონფლიქტები |
სპარსეთის ყურის ომი ავღანეთის ომი ერაყის ომი სირიის სამოქალაქო ომი |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | Vought Corporation |
შექმნის თარიღი | 1977 |
მწარმოებელი | Lockheed Martin, Diehl BGT Defence, Aérospatiale |
ეგზემპლარის ღირებულება | $2,3 მილიონი |
წარმოების პერიოდი | 1980–2003 |
ვარიანტები | M270A1 და M270B1 |
მახასიათებლები | |
წონა | 24 756 კგ |
სიგრძე | 6,86 მ |
სიგანე | 2,97 მ |
გათვლა / ჯგუფეული | 3 |
| |
კალიბრი |
227 მმ 610 მმ (ATACMS) |
სროლის ტემპი | ~12-18 |
მაქსიმალური მანძილი |
M26: 32 კმ M26A1/A2: 45 კმ M30/31: 70 კმ ATACMS: 165 კმ ან 300 კმ |
M270 (ინგლ. M270 Multiple Launch Rocket System ან M270 MLRS) — შეჯავშნული, თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა.
M270-ის პირველი სისტემები აშშ-ის არმიამ 1983 წელს მიიღო. მას შემდეგ ისინი ნატოს არაერთი ქვეყნის შეიარაღებაში გამოჩნდა. დღემდე ამერიკასა და ევროპაში წარმოებულია დაახლოებით 1 300 ერთეული სისტემა და მისთვის განკუთვნილი 700 000-ზე მეტი რაკეტა. სისტემების წარმოება 2003 წელს დასრულდა, როცა ბოლო პარტია ეგვიპტის არმიამ მიიღო.
1970-იან წლებში საბჭოთა კავშირს ამერიკის და ნატოს ძალებთან შედარებით, სარაკეტო არტილერიაში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. საბჭოთა ტაქტიკით მიღებული იყო მასიური დაბომბვა სატვირთო მანქანებზე დამაგრებული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, როგორიცაა БМ-21, რის შედეგადაც ხდებოდა სამიზნე რაიონის სატურაცია ათასობით რაკეტით. რაკეტების ნაწილი აუცილებლად ხვდებოდა კონკრეტულ სამიზნეებს, რასაც თან ახლდა ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი. ამისგან განსხვავებით, შედარებით მეტი სიზუსტისა და საბრძოლო მასალის დაზოგვის მიზნით ამერიკელი არტილერისტები უპირატესობას ლულიან არტილერიას ანიჭებდნენ, რის გამოც მათი სარაკეტო არტილერიის უდიდესი ნაწილი მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი, მოძველებული ტექნიკა იყო.
ამ დამოკიდებულების შეცვლა 1973 წლიდან, იომ-ქიფურის ომის შემდეგ დაიწყო. ამ კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დანაკარგებს ზურგის შეიარაღებაში, როგორიც იყო მიწა-ჰაერი ტიპის დანადგარები, რაც შედეგი იყო ისრაელის ეფექტური ტაქტიკისა, დაემუშავებინა მათი განლაგების ადგილები ზალპური ცეცხლის სისტემებით. ამასთან ერთად, ამერიკის არმიის მესვეურები მიხვდნენ, რომ ევროპაში ომის შემთხვევაში მსგავსი რამ დიდი მასშტაბებით განმეორდებოდა, რის გამოც 1974 წლის მარტში გაახმაურეს მოთხოვნა ახალი სარაკეტო დანადგარის შესახებ, სახელწოდებით „საერთო მხარდაჭერის სარაკეტო სისტემა“ (General Support Rocket System, GSRS). მისი გამოყენება განსაზღვრული იყო მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ელემენტების გასანადგურებლად და ანტისაარტილერიო ცეცხლისათვის, რაც ლულიან საარტილერიო ქვედანაყოფებს გამოათავისუფლებდა სახმელეთო ძალებისთვის ახლო საცეცხლე მხარდაჭერის გასაწევად. აღნიშნულზე კონსულტაციები გაიმართა ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და დასავლეთ გერმანიასთან, რომლებიც უკვე დამოუკიდებლად მუშაობდნენ მსგავსი სისტემის შექმნაზე. შედეგად, ამერიკული დასახელება „საერთო მხარდაჭერის სარაკეტო სისტემა“ (GSRS) შეიცვალა და მიღებული იქნა ევროპული ვარიანტი Multiple Launch Rocket System (MLRS), რომლის ქართული შესატყვისია „ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა“.
სისტემის შექმნაზე მუშაობა 1977 წლის სექტემბერში Boeing-მა და Vought Aerospace-მა დაიწყო, ხოლო პირველი მოდელები 1982 წლის აგვისტოში გამოუშვეს. 1983 წლის მარტში ჩამოყალიბდა M270-ების პირველი ბატარეა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში დანადგარები დასავლეთ გერმანიას გაეგზავნა. თავდაპირველად, ბატარეა სამი ოცეულისგან შედგებოდა, თითოეულ ოცეულში კი სამი გამშვები დანადგარი იყო; 1987 წლისთვის 25 ასეთი ბატარეა არსებობდა. 1990-იანი წლებიდან ბატარეაში დანადგარების რაოდენობა 6-მდე შემცირდა.
„საერთო მხარდაჭერის სარაკეტო სისტემის“ (GSRS) კონცეფციაზე დაყრდნობით MLRS ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, დასავლეთ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. M270-ის სისტემის სრული დასახელებაა „თვითმავალი დამტენი/გამშვები“ (M270 MLRS Self-Propelled Loader/Launcher, SPLL). SPLL შედგება რამდენიმე ძირითადი ქვესისტემისგან: M269 დამტენ-გამშვები მოდული (Loader Launcher Module, LLM), ასევე, მოიცავს ცეცხლის მართვის სისტემასაც. იგი დამონტაჟებულია M993 მარკის სატრანსპორტო სისტემაზე, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანის შასიზე.
M270-ებისთვის ცივი ომის დროინდელი ტაქტიკა ითვალისწინებდა მათ გაფანტვას ინდივიდუალურ ლოდინის პოზიციებზე და შენიღბვას ცეცხლის მოთხოვნამდე, რა დროსაც ისინი გადაადგილდებოდნენ საცეცხლე პოზიციაზე, გაუშვებდნენ რაკეტებს, დაუყოვნებლივ გადავიდოდნენ დამტენ პუნქტზე, შევსების შემდეგ კი გადავიდოდნენ სრულიად ახალ შენიღბულ პოზიციაზე სხვა საცეცხლე პოზიციის სიახლოვეს. ამ „გაისროლე-გაიქეცი“ („shoot-and-scoot“) ტაქტიკის მიზანი საბჭოთა ანტისაარტილერიო ცეცხლის თავიდან აცილება იყო. ერთი M270 12 ერთეული M26 კლასტერული საარტილერიო რაკეტის გასროლით სამიზნე რაიონში 7 728 მცირე ზომის ბომბს ყრიდა, ხოლო ერთ ბატარეას, რომელსაც 108 რაკეტის გაშვება შეეძლო, იმდენივე საცეცხლე ძალა გააჩნდა, რამდენიც ლულიანი არტილერიის 33 ბატალიონს.
სისტემას შეუძლია MGM-140 არმიის ტაქტიკური რაკეტის (Army Tactical Missile System, ATACMS) გაშვებაც, რომლებიც იმავე გამშვებ პაკეტში თავსდება. ერთ გამშვებ პაკეტში შესაძლებელია 6 სტანდარტული (227 მმ) რაკეტის ან ერთი მართვადი საარმიო ტაქტიკური რაკეტის (610 მმ) განთავსება; მათი შერევა შეუძლებელია. ATACMS-ის გამშვებ კონტეინერს სტანდარტული პაკეტის მსგავსი ხუფი აქვს, რომელზეც 6 წრიული ფიგურაა გამოსახული. დამტენ-გამშვები მოდული ორი პაკეტისგან შედგება, რომლებიც ხელით, ინტეგრირებული ჯალამბრის საშუალებით იტენება. 12 რაკეტის ან 2 ATACMS-ის გაშვება სისტემას ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. ერთი ზალპი, როგორც წესი, სამი დანადგარიდან იწარმოებოდა, რომელთაგან თითოეული 12 სტანდარტულ რაკეტას უშვებდა. თითოეული რაკეტა 644 ერთეულ ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებულ კონვენციურ საბრძოლო მასალას, კონკრეტულად, M77 ტიპის ბომბებს შეიცავდა, რაც, საერთო ჯამში, სამიზნე რაიონში 23 184 მსგავსი ბომბის ჩამოგდებას იწვევდა. 12 ერთეული 227 მმ-იანი კლასტერული რაკეტის გაშვებით ერთი სისტემა სრულად ფარავს 1 კვადრატულ კილომეტრს. აუფეთქებელი ბომბების სტანდარტული წილი დაახლოებით 2% იყო, რის გამოც აღნიშნულ რაიონში 400-მდე აუფეთქებელი ბომბი რჩებოდა, რაც სამოქალაქო პირებისა და საკუთარი ძალებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
2006 წელს M270-ს ჩაუტარდა განახლება, რამაც მართვადი რაკეტების გაშვების საშუალება მისცა. 2006 წლის მარტში დაჩქარებულად დასრულდა XM31 მართვადი უნიტარული რაკეტის გამოცდის I ფაზა. სასწრაფო საჭიროების გამო იგი მალევე მიიღეს შეიარაღებაში და ერაყის ომშიც გამოიყენეს. ასევე, Lockheed Martin-ს დაუკვეთეს M30 კლასტერული რაკეტების გადაკეთება XM31 უნიტარულ ვარიანტებად.
M31 მართვადი რაკეტების გამოყენებამ M270 წერტილოვანი დარტყმის სისტემად აქცია. GPS-ზე დაფუძნებული მართვის სისტემის და ერთი 91 კილოგრამიანი მსხვრევად-ფუგასური ქობინის მქონე M31 მიზანს მაღალი სიზუსტით ხვდება და სასურველ ეფექტს ნაკლები რაოდენობის რაკეტები სჭირდება, რაც ამცირებს როგორც თანმდევ ზიანს, ისე ლოგისტიკურ საჭიროებებსაც. უნიტარულმა ქობინებმა ზალპური სისტემის ურბანულ გარემოში გამოყენების შესაძლებლობაც წარმოშვა. M31-ს ორ რეჟიმზე მომუშავე ამფეთქი ჰქონდა: წერტილოვანი დეტონაციისა შეუჯავშნავი მიზნების, ხოლო შეყოვნებული დეტონაციისა მსუბუქად შეჯავშნული ბუნკერების გასანადგურებლად. მის გაუმჯობესებულ, M31A1 ვერსიას უკვე მრვალრეჟიმიანი ამფეთქი აქვს დამატებით საჰაერო დეტონაციისთვის, რაც ღიად განლაგებულ ცოცხალ ძალაზე განსაკუთრებით ეფექტურია. საჰაერო აფეთქების სიმაღლე 3-დან 10 მეტრამდე მერყეობს. მართვადი რაკეტების სროლის მინიმალური მანძილი 15 კილომეტრია, მაქსიმალური კი 70 კილომეტრს აღემატება; რაკეტა დაცემისას 2.5 მახ სიჩქარეს ავითარებს.
გერმანული საარტილერიო სისტემა, სახელწოდებით „საარტილერიო ქვემეხის მოდული“ (გერმ. Artillerie-Geschütz-Modul), შექმნის პროცესში M270-ის შასის იყენებდა.
2012 წელს გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც უნდა გაუმჯობესებულიყო M270-ის ჯავშანი და ცეცხლის მართვის სტანდარტი უნდა მიახლოვებოდა მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის (High Mobility Artillery Rocket System, HIMARS) სტანდარტებს. 2015 წლის ივნისში საცდელი სროლები ჩაატარა M270A1 ტიპის დანადგარმა, რომლის ფანჯრები და კაბინა „გაუმჯობესებული შეჯავშნული კაბინის“ (Improved Armored Cab) პროექტით დამატებითი დაცვით იყო აღჭურვილი.
2021 წლის მარტის დასაწყისში Lockheed-მა განაცხადა მართვადი რაკეტის გაუმჯობესებული ვარიანტის გამოცდის შესახებ, რომელმაც 80 კილომეტრს მიაღწია. პროექტი, საბოლოო ჯამში, 227 მმ-იანი რაკეტის მაქსიმალური მანძილის 150 კილომეტრამდე გაზრდას ითვალისწინებს. იმავე თვეში გაზრდილი მანძილის მართვადმა რაკეტამ (Extended Range GMLRS) 135 კილომეტრს მიაღწია.
აშშ არმიაში მიღებისას M270 შერეული ბატალიონის შემადგენლობაში გამოიყენებოდა. აღნიშნული ტიპის ბატალიონები შედგებოდა ტრადიციული არტილერიის (ჰაუბიცების) ორი ბატარეის და ზალპური ცეცხლის სისტემების ერთი ბატარეისგან. პირველი ზალპური ცეცხლის ბატარეა იყო მე-8 ქვეითი დივიზიონის მე-16 საველე საარტილერიო პოლკის მე-3 ბატალიონის C ბატარეა (ბაუმჰოლდერი, გერმანია, 1982). პირველი ორგანული, მთლიანად M270-ებით დაკომპლექტებული ბატალიონი 27-ე საველე საარტილერიო პოლკის მე-6 ბატალიონი იყო.
აღნიშნული მე-6 ბატალიონი 1984 წლის 1 ოქტომბერს არმიის პირველ ზალპური ცეცხლის ბატალიონად გადაკეთდა, მეტსახელად „Proud Rockets“ („ამაყი რაკეტები“). 1990 წლის მარტში ქვედანაყოფი ნიუ-მექსიკოში, უაით სენდზის სარაკეტო პოლიგონზე გადაისროლეს, სადაც არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის საწყისი ოპერატიული გამოცდა და შეფასება უნდა ჩატარებულიყო. გამოცდის წარმატებით დასრულების შედეგად არმიამ მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი საცეცხლე მხარდაჭერის საშუალება მიიღო.
1990 წლის 2 სექტემბერს 27-ე პოლკის მე-6 ბატალიონი საუდის არაბეთში, ოპერაცია „უდაბნოს ფარის“ მხარდასაჭერად გადაისროლეს. ქვედანაყოფი XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსის არტილერიას მიაკუთვნეს და მან კრიტიკული როლი ითამაშა საუდის არაბეთის თავდაპირველ დაცვაში. როდესაც „უდაბნოს ფარი“ „უდაბნოს ქარიშხლად“ გადაიქცა, მე-6 ბატალიონი პირველი ამერიკული საველე საარტილერო ქვედანაყოფი აღმოჩნდა ერაყში. ომის განმავლობაში ბატალიონი დროული და ზუსტი სარაკეტო საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოფდა საომარ თეატრში მყოფ ორივე ამერიკულ კორპუსს, 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიონს, ფრანგულ მე-6 მსუბუქად შეჯავშნულ დივიზიონს, 1-ლი ქვეითი დივიზიონის 1-ლ ჯავშანსატანკო პოლკს, 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონს და 24-ე მექანიზებულ ქვეით დივიზიონს.
1990 წელს ტეხასის ფორტ ჰუდიდან სპარსეთის ყურეში გადაისროლეს 92-ე საველე საარტილერიო პოლკის A ბატარეა. იმავე წლის აგვისტოში ფორტ ბრეგიდან მას შეუერთდა 27-ე პოლკის მე-3 ბატალიონი, ხოლო სექტემბერში ოპერაცია „უდაბნოს ფარის“ მხარდასაჭერად 1-ლი საკავალერიო დივიზიონის 21-ე საველე საარტილერიო პოლკის A ბატარეა ჩავიდა. 1990 წლის დეკემბერში გერმანიიდან გადაისროლეს მე-3 ჯავშანსატანკო დივიზიის მე-40 საველე საარტილერიო პოლკის A ბატარეა (ჰანაუ), 41-ე საველე საარტილერიო ბრიგადას მიკუთვნებული 27-ე პოლკის 1-ლი ბატალიონი (ბაბენჰაუზენი) და 27-ე პოლკის მე-4 ბატალიონი (ვერტჰაიმი), ხოლო ოკლაჰომას ეროვნული გვარდიის 158-ე საველე საარტილერიო პოლკის 1-ლი ბატალიონი მათ 1991 წლის იანვარში შეუერთდა.
ოპერაციაში „უდაბნოს ქარიშხალი“ სულ 89 ერთეული ზალპური ცეცხლის სისტემა იყო ჩართული. მათი პირველი გამოყენება 1991 წლის 18 იანვარს მოხდა, როცა მე-6 ბატალიონის A ბატარეამ ერაყელთა მიწა-ჰაერის სისტემების მიმართულებით 8 ერთეული 610 მმ ტაქტიკური რაკეტა (ATACMS) გაუშვა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს სამმა ბატარეამ 24 სხვადასხვა მიზანზე 287 ერთეული რაკეტა 5 წუთზე ნაკლებ დროში ისროლა. მსგავსი საცეცხლე ზემოქმედებისთვის ლულიანი არტილერიის ბატალიონს საათზე მეტი დრო დასჭირდებოდა. 1991 წლის თებერვლის დასაწყისში, ღამით, 27-ე პოლკის მე-4 ბატალიონმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ზალპური ცეცხლის ოპერაცია აწარმოა. ერთი ამოცანის განმავლობაში ქვედანაყოფმა 312 რაკეტა ისროლა. 1991 წლის 24 თებერვალს სახმელეთო ოპერაციები დაიწყო, რის შემდეგაც, აშშ VII კორპუსის მხარდასაჭერად 414 რაკეტა გაუშვეს. ომის ბოლომდე, მთლიანობაში, დაახლოებით 57,000 საარტილერიო გასროლა განხორციელდა, საიდანაც 6,000 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტა, ხოლო 32 ერთეული 610 მმ-იანი ტაქტიკური რაკეტა (ATACMS) იყო.
საპარსეთის ყურის ომის შემდეგ M270 არაერთ სამხედრო ოპერაციაში გამოიყენეს, მათ შორის იყო ერაყში შეჭრა 2003 წელს. 2007 წლის მარტში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში, კერძოდ, ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად ერთი ოცეული გაგზავნა. ისინი ახლადშექმნილ მართვად რაკეტებს იყენებდნენ.
მართვადი რაკეტები პირველად 2005 წლის სექტემბერში, ერაყში გამოიყენეს. ორი 227 მმ-იანი რაკეტა ტალ-აფარში, 50 კილომეტრის სიშორეზე განლაგებულ მეამბოხეთა პოზიციებზე გაუშვეს, რასაც 48 ერაყელი მებრძოლი შეეწირა.
2011 წლის აპრილში იდარ-ობერშტაინში მდებარე გერმანიის არმიის საარტილერიო სკოლას მოდერნიზებული MLRS II და M31 მართვადი რაკეტები გადაეცა. ამ ტიპის რაკეტებს გერმანიის არმია 90 კილომეტრამდე რადიუსში იყენებს.
M142 მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System, HIMARS) მსუბუქი სარაკეტო გამშვები დანადგარია, რომელიც 1990-იან წლებში ამერიკის არმიისთვის შეიქმნა. იგი დამაგრებულია სტადარტული M1140 სატვირთოს შასიზე.
HIMARS-ის შეიარაღება შედგება 6 ერთეული 227 მმ-იანი რაკეტის ან 1 MGM-140 ATACMS ტაქტიკური რაკეტისგან. მისი შეიარაღება სრულად ემთხვევა M270-ის სტანდარტულ საბრძოლო მასალას, თუმცა, მისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი პაკეტი აქვს და აღჭურვილია გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემით. HIMARS-ი M270-ზე გაცილებით მსუბუქია და მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავითაც.
M270-ის სისტემას შეუძლია ზალპური ცეცხლის მართვადი და უმართავი რაკეტების გაშვება, რომლებსაც რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა მწარმოებელი აწარმოებს. მათ შორისაა:
ამერიკის მხრიდან ტექნოლოგიების გაზიარებაზე უარის გამო, თურქეთმა, რომელსაც M26 რაკეტების მარაგის მოპოვება აშშ-თან შეთანხმების გარეშე სურდა, დაიწყო M26 რაკეტების უკუინჟინერია SAGE 227 პროექტის სახით. ამ დროს შეიქმნა A/B/C/D ტიპების საშუალო სიშორის შერეული საწვავის მქონე რაკეტები და SAGE-227 F ექსპერიმენტული მართვადი რაკეტა.
ისრაელი M270-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს იყენებს, სახელწოდებით „მენატეც“, რომლისთვისაც საბრძოლო მასალას IMI Systems აწარმოებს.
დასახელება | წონა | მაქსიმალური მანძილი | მართვა | ქობინი |
---|---|---|---|---|
M26 | 306 კგ | 32 კმ | 644 ერთეული M77 ბომბი | |
M26A1/A2 | 296 კგ | 45 კმ | M26A1: 518 ერთეული M85 ბომბი M26A2: 518 ერთეული M77 ბომბი | |
M30/M31 | 70 კმ | GPS/INS | M30: 404 ერთეული M85 ბომბი M31: 90 კგ მსხვრევად-ფუგასური (უნიტარული) | |
AT2 SCATMIN | 254 კგ | 38 კმ | AT2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები | |
PARS SAGE-227 F | 300 კგ/160 კგ | 70 კგ |
2012 წლის აპრილში Lockheed Martin-მა მიიღო $79.4 მილიონის ღირებულების კონტრაქტი მართვადი რაკეტების შესაქმნელად, რომელშიც კლასტერული ქობინების ნაცვლად გამოყენებული იქნებოდა Alliant Techsystems-ის მიერ შექმნილი ალტერნატიული ქობინი. ეს ვერსია უკვე არსებული რაკეტების მხოლოდ მცირედით მოდიფიცირებას მოითხოვს. შექმნისა და წარმოების პროგრამა 36 თვე უნდა გაგრძელებულიყო, ხოლო პირველი რაკეტები შეიარაღებაში 2016 წელს უნდა მიეღოთ. ალტერნატიული ქობინი წარმოადგენს დიდი ზომის საჰაერო ამფეთქის მქონე ქობინს, რომელიც მიზნიდან 9.1 მეტრის სიმაღლეზე ფეთქდება და ფანტავს ჯავშანგამტან ფრაგმენტებს. სამიზნე რაიონში იწვევს მნიშვნელოვან ზიანს ისე, რომ აფეთქების შემდეგ ადგილზე მხოლოდ მყარი მეტალის ფრაგმენტები და რაკეტის ინერტული ნაწილები რჩება. 90 კილოგრამიანი ქობინი დაახლოებით 182,000 წინასწარ ფორმირებულ ვოლფრამის ფრაგმენტს შეიცავს. საჰაერო აფეთქების ფუნქცია უნიტარულ მართვად რაკეტებსაც აქვს და იგი დიდ აფეთქებას და ნამსხვრევებს იწვევს, თუმცა, ალტერნატიული ქობინის მცირე ზომის ბურთულები უფრო დიდ არეალს ფარავს.
2013 წლის 22 მაისს განხორციელდა ალტერნატიული ქობინით აღჭურვილი მართვადი რაკეტის გამოცდა. მისი გაშვება M142 HIMARS-იდან მოხდა 35 კილომეტრზე. მას უფრო დიდი ეფექტი ექნება მატერიალურ და ცოცხალ სამიზნეზე ისე, რომ აუფეთქებელ ნარჩენებს არ დატოვებს.
2013 წლის 23 ოქტომბერს Lockheed-მა რაკეტების მესამე და ბოლო საინჟინრო საფრენი ტესტირება ჩაატარა. სამმა რაკეტამ 17 კილომეტრში განლაგებული სამიზნეები სრულად გაანადგურა. ამის შემდეგ ალტერნატიული ქობინის პროგრამა საწარმოო კვალიფიკაციის ტესტის ეტაპზე გადავიდა. საწარმოო კვალიფიკაციის მეხუთე, ბოლო ტესტირება 2014 წლის აპრილში მოხდა, როცა HIMARS-მა 4 რაკეტა 65 კილომეტრის დაშორებით არსებულ სამიზნეებზე გაუშვა.
2014 წლის 28 ივლისს Lockheed-მა წარმატებით დაასრულა რაკეტების ოპერატიული ტესტირება. მასში სამხედროები მონაწილეობდნენ, რომლებმაც აღნიშნული რაკეტები რეალური ცეცხლის მართვის სისტემის გამოყენებით, საშუალო და შორ მანძილზე HIMARS-იდან გაუშვეს. საწყისი ოპერატიული გამოცდისა და ტესტირების სავარჯიშო 2014 წლის სექტემბერში დაიგეგმა.
2015 წლის 15 სექტემბერს Lockheed-მა უნიტარული მართვადი რაკეტების 10 პარტიის შეკვეთა მიიღო, რომელშიც ალტერნატიული ქობინების პირველი შეკვეთაც შედის.
12 ერთეული 227 მმ-იანი კლასტერული რაკეტის გაშვებით ერთი სისტემა სრულად ფარავს 1 კვადრატულ კილომეტრს. ამ მიზეზით, ბრიტანელი არტილერისტები M270-ს ზოგჯერ „კოორდინატთა კვადრატის განადგურების სისტემას“ (Grid Square Removal System) უწოდებენ, რადგანაც მეტრული სისტემის რუკები 1 კვადრატული კილომეტრის მასშტაბის კვადრატებადაა დაყოფილი; გარდა ამისა, ეს მეტსახელი ხუმრობაა სისტემის ძველი დასახელების, GSRS აბრევიატურაზე. ასევე, არტილერისტები ხუმრობით ხშირად „ღმერთის თითს“ უწოდებენ, რადგან სტანდარტული მასშტაბის რუკებზე ერთი კვადრატი დაახლოებით ერთი თითის წვერით იფარება.
ხშირად უწოდებენ „ბოშათა ვაგონს“, რადგან გათვლის წევრები დამატებითი სივრცის არარსებობის გამო ხშირად ინახავენ დამატებით აღჭურვილობას, მაგალითად კამუფლირების ბადეებს, სალაშქრო საწოლებს და სხვა ნივთებს გამშვების თავზე. მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების შემოღების შემდეგ (M30 და სხვები) მას „70 კილომეტრიან სნაიპერულ შაშხანას“ უწოდებენ ხოლმე.