იტალო კალვინო | |
---|---|
იტალ. Italo Calvino | |
დაბადების თარიღი | 15 ოქტომბერი, 1923 |
დაბადების ადგილი | სანტიაგო-დე-ლას-ვეგასი |
გარდაცვალების თარიღი | 19 სექტემბერი, 1985 (61 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სიენა |
საქმიანობა | მწერალი , ჟურნალისტი, ესეისტი, რომანისტი და სცენარისტი |
ენა | იტალიური ენა |
მოქალაქეობა |
იტალია იტალიის სამეფო |
ალმა-მატერი | ტურინის უნივერსიტეტი და ფლორენციის უნივერსიტეტი |
Magnum opus | ბარონი ხეზე, უხილავი ქალაქები, თუ ზამთრის ღამით მოგზაური, ამერიკული ლექციები: ექვსი წინადადება შემდეგი ათასწლეულისთვის, არარსებული რაინდი, The Cloven Viscount, The Path to the Nest of Spiders და Marcovaldo |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი , ვიარეჯოს პრემია, ფელტრინელის პრემია, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის და დიტმარის პრემია |
მეუღლე | Esther Judith Singer |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | italocalvino.org |
იტალო კალვინო (იტალ. Italo Calvino დ. 15 ოქტომბერი, 1923 — გ. 19 სექტემბერი, 1985) — იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა მოთხრობათა კრებული „კოსმოკომიკური ამბები“ (1965), ასევე პოსტმოდერნისტული რომანები „უხილავი ქალაქები“ (1972) და „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“ (1979).
იტალო კალვინო 1932 წელს კუბაში, ჰავანის გარეუბანში, დაიბადა. მისი მამა, მარიო, ტროპიკული აგრონომი და ბოტანიკოსი იყო. იგი 1885 წელს იტალიაში, სან-რემოში, დაიბადა, 1909 წელს კი მექსიკაში ემიგრირდა, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა. ავტობიოგრაფიულ ესეში კალვინო მამამისზე წერს, რომ „ახალგაზრდობაში იგი ანარქისტი, კროპოტკინის მიმდევარი, შემდეგ კი სოციალისტი რეფორმისტი იყო.“ 1917 წელს, მექსიკაში რევოლუციის რეჟიმში ცხოვრების შემდეგ, მარიო სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩასატარებლად კუბაში გადავიდა.
კალვინოს დედა, ჯილიანა ლუჯია ეველინა „ევა“ მამელი, ბოტანიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი იყო. იგი სარდინიელი, კერძოდ, სასარელი იყო და 11 წლით უფროს მარიოზე ჯერ კიდევ მაშინ დაქორწინდა, როცა პავიას უნივერსიტეტში უმცროსი ლექტორი იყო. ევამ შვილს სახელი თავისი იტალიური ფესვების შესახსენებლად დაარქვა. კალვინო მიიჩნევდა, რომ მისი სახელი „გამომწვევად ნაციონალისტურად“ ჟღერდა.