ლუდვიგ I | |
---|---|
ბავარიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 13 ოქტომბერი, 1825 |
მმართ. დასასრული: | 20 მარტი, 1848 |
წინამორბედი: | მაქსიმილიან I |
მემკვიდრე: | მაქსიმილიან II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 აგვისტო, 1786 |
დაბ. ადგილი: | სტრასბურგი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 29 თებერვალი, 1868, (81 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნიცა, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | მიუნხენი, გერმანია |
მეუღლე: | ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი |
შვილები: |
მაქსიმილიან II, ბავარიის მეფე მატილდა, ჰესენის დიდი ჰერცოგინია ოტო I, საბერძნეთის მეფე ლუიტპოლდი, ბავარიის რეგენტი ადელგუნდა, მოდენის ჰერცოგინია ჰილდეგარდა, ავსტრიის ერცჰერცოგინია ალექსანდრა ადალბერტი |
სრული სახელი: | ლუდვიგ კარლ ავგუსტი |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | მაქსიმილიან I, ბავარიის მეფე |
დედა: | ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ლუდვიგ I (გერმ. Ludwig I; დ. 25 აგვისტო, 1786, სტრასბურგი, საფრანგეთი — გ. 29 თებერვალი, 1868, ნიცა, საფრანგეთი) — ვიტელსბახთა დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე 1825-1848 წლებში. მეფე მაქსიმილიან I-ის უფროსი ვაჟი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან II-ისა და საბერძნეთის მეფე ოტონის მამა. ტახტიდან გადადგა 1848 წლის რევოლუციის შედეგად.
ლუდვიგი დაიბადა 1786 წლის 25 აგვისტოს სტრასბურგში. იგი იყო ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და მისი პირველი ცოლის, ლანდგრაფინია ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელის უფროსი ვაჟი. იგი ღრმა ბავშვობიდანვე ავლენდა ინტერესს ხელოვნებისადმი, რის გამოც, როდესაც წამოიზარდა იგი მშობლებმა იტალიაში გააგზავნეს სამოგზაუროდ. აქ იგი მალევე დაუახლოვდა ნაპოლეონ ბონაპარტს და მასთან ერთად რამდენიმე ბრძოლაც გადაიხადა, მაგრამ 1813 წელს მხარე შეიცვალა.
1810 წელს მან ცოლად შეირთო გერმანელი პრინცესა ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი. მათი ქორწილი ერთობ პომპეზური იყო და დიდხანს გაგრძელდა. სწორედ ეს ზეიმი ითვლება ბავარიული ოქტობერფესტის დაარსებად.
1825 წლის 13 ოქტომბერს, მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ლუდვიგ I-მა დაიკავა. 1833 წელს მან მხარი დაუჭირა გერმანიის კონფედერაციის შექმნას. მმართველობის პირველივე წლებში მან ახალი კონსტიტუცია შემოიღო და შეეცადა, რომ ბავარიაში აბსოლუტიზმი დაემყარებინა. მის ამ მცდელობას საშინელი შედეგი მოჰყვა და როდესაც 1848 წელს ევროპაში რევოლუციურმა სულმა იფეთქა, არეულობამ სწრაფად შეაღწია ბავარიაშიც.
1848 წლის 20 მარტს, რევოლუციონერთა გავლენით ლუდვიგ I ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის, მაქსიმილიან II-ის სასარგებლოდ. ამის შემდეგ იგი საფრანგეთში გადასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ მისი ცოლი მას არ გაჰყოლია და იგი ბავარიაში დარჩა. ლუდვიგ I გარდაიცვალა 1868 წლის 29 თებერვალს ნიცაში, 81 წლის ასაკში. მოგვიანებით იგი გადაასვენეს და დაკრძალეს მიუნხენში, ბავარიაში.
მეფე ლუდვიგის პირადი ცხოვრება საკმაოდ სკანდალური იყო, რაც მისი მრავალი საყვარლის ყოლით იყო განპირობებული. ლუდვიგის საყვარლებს შორის არიან: ინგლისელი ქალბატონი ჯეინ დიგბი, იტალიელი არისტოკრატი მარიანა ფლორენცი და ასევე იტალიელი დიდებული ლოლა მონტეცი. ყოველ მათგანთან ურთიერთობა ახალ სკანდალს იწვევდა, თუმცა მეფეს უკანონო შვილები არ ჰყოლია.
1810 წლის 12 ოქტომბერს მიუნხენში ლუდვიგმა ცოლად შეირთო პრინცესა ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი (1792-1854), რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი:
|