რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური (რუსეთის ფსბ; რუს. Федеральная служба безопасности Российской Федерации (ФСБ)) — რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანო, სპეცსამსახური, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების გადაწყვეტას.
უშიშროების ფედერალურ სამსახურს უფლება აქვს აწარმოოს წინასასამართლო გამოძიება და წინასწარი მოკვლევა, ოპერატიულ-საგამოძიებო და სადაზვერვო საქმიანობა. რუსეთის ფსბ-ში გათვალისწინებულია სამხედრო, სამართალდამცავი და სამოქალაქო სახელმწიფო სამსახური. განეკუთვნება იმ გასამხედროებული ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იქონიონ საბრძოლო, მექანიკური, ცეცხლსასროლი და სხვა სახის იარაღი.
რუსეთის ფსბ-ს საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.
1995 წლის 3 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს „რუსეთის ფედერაციაში უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 10 აპრილს, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობათა კრებულში მისი ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან. ახალი კანონის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის კონტრდაზვერვის ფედერალურ სამსახური სახელი შეეცვალა და გახდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური, ამასთან, არ განხორციელებულა საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებები, სამსახურის თანამშრომლები (დირექტორისა და მისი მოადგილის ჩათვლით) დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე ხელახლა დანიშვნის და ატესტაციის გარეშე. 1995 წლის 23 ივნისს, შესაბამისი ცვლილებები „უკანა რიცხვით“ შეტანილ იქნა აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების სტრუქტურაში. ამავე ბრძანებით დამტკიცებულ იქნა სამსახურისა და მისი ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და საქმიანობის წესი, რომელიც იმეორებდა კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის სტრუქტურას, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (ხელახლა შეიქმნა საგამოძიებო სამმართველო, გამოჩნდა ახალი სტრუქტურული ერთეული - სპეციალური ოპერაციების სამმართველო, ხოლო სამდივნო გარდაიქმნა საქმეთა სამმართველოდ).
„რუსეთის ფედერაციის უშიშროების ორგანოების მუშაკის დღის დაწესების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის № 1280 ბრძანებულებით, 1995 წლის 20 დეკემბრიდან, დაწესდა პროფესიული დღესასწაული - რუსეთის ფედერაციის უშიშროების ორგანოების მუშაკის დღე, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 20 დეკემბერს. სწორედ, 1917 წლის 20 დეკემბერს დაარსდა რუსეთის პირველი სპეცსამსახური - კონტრრევოლუციასთან და საბოტაჟთან ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია, იგივე ჩეკა (ВЧК).
1997 წლის მაისში, განხორციელდა ფსბ-ის ცენტრალური აპარატის დიდი რეორგანიზაცია. კერძოდ, სამმართველოთა ოდენობა 22-დან 5-მდე შემცირდა, ხოლო დანარჩენი სამმართველოები 5 დეპარტამენტში გადაანაწილეს.
2003 წლის 11 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების ფედერალურ სამსახურს, საკუთარი ბრძანებულებით, გადასცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ფუნქციები სრულად, ხოლო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამთავრობო კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ფედერალური სააგენტოს ფუნქციები ნაწილობრივ.
2004 წლის ივლისში განხორციელდა ფსბ-ს ცენტრალური აპარატის მომდევნო მასშტაბური რეორგანიზაცია. კერძოდ, დეპარტამენტებთან ერთად, შეიქმნა უშიშროების ფედერალური სამსახურის სამსახურები, ხოლო დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა 12-დან შემცირდა 4-მდე, საიდანაც ორი პირველი მოადგილეა.
„რუსეთის ფედერაციაში უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოების შესახებ“ 1995 წლის 3 აპრილის ფედერალური კანონის(№ 40-ФЗ) მე-8 მუხლის თანახმად, რუსეთის ფსბ-ს ორგანოების საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
რუსეთის ფსბ-ს ორგანოების საქმიანობის სხვა მიმართულებები, განისაზღვრება ფედერალური კანონმდებლობით.
რუსეთის ფსბ-ს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „რუსეთის ფედერაციაში უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოების შესახებ“ 1995 წლის 3 აპრილის ფედერალური კანონის (№ 40-ФЗ) მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოებს განეკუთვნება: