სლობოდან იოვანოვიჩი | |
სლობოდან იოვანოვიჩის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია უროშ პრედიჩის მიერ, 1931 წელი | |
იუგოსლავიის XV პრემიერ მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 იანვარი, 1942 – 26 ივნისი, 1943 | |
წინამორბედი | დუშან სიმოვიჩი |
მემკვიდრე | მილოშ ტრიფუნოვიჩი |
დაბადებული | 3 დეკემბერი, 1869 ნოვი-სადი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია (დღევანდელი სერბეთი) |
გარდაცვლილი | 12 დეკემბერი, 1958 (89 წლის) ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
ეროვნება | სერბი, იუგოსლავი |
მამა | ვლადიმირ იოვანოვიჩი |
პროფესია | იურისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი |
სლობოდან იოვანოვიჩი (სერბ. Слободан Јовановић / Slobodan Jovanović; დ. 3 დეკემბერი, 1869, ნოვი-სადი — გ. 12 დეკემბერი, 1958, ლონდონი) — სერბი და იუგოსლავი მწერალი, ისტორიკოსი, იურისტი, ფილოსოფოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი, დიპლომატი, პოლიტიკოსი და მისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტელექტუალი. ის იყო ფროფესორი ბელგრადის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე (1897—1940), ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი (1913–1914 და 1920–1921 წლები) და სერბეთის სამეფო აკადემიის პრეზიდენტი (1928–1931). მან მონაწილეობა მიიღო 1919 წელს გამართულ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში, როგორც იუგოსლავიის მთავრობის ექსპერტმა.
იოვანოვიჩი იყო ვიცე პრემიერ მინისტრი (1941 წლის მარტი — 1942 წლის ივნისი) და იუგოსლავიის სამეფოს გაქცეული მთავრობის პრემიერ მინისტრი ლონდონში 1942 წლის იანვრიდან 1943 წლის ივნისამდე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის ახალმა, კომუნისტურმა ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. იოვანოვიჩი სიცოცხლის ბოლომდე ლონდონში ცხოვრობდა.
სლობოდან იოვანოვიჩ დაიბადა ნოვი-სადში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში (დღევანდელი სერბეთი), 1869 წლის 3 დეკემბერს, პოლიტიკოსი ვლადიმერ იოვანოვიჩისა და მისი მეუღლის, ელენას ოჯახში. გავრცელებული ინფორმაციით, იოვანოვიჩი იყო პირველი სერბი მამაკაცი, რომელსაც „სლობოდანი“ (სერბულიდან ითარგმნება როგორც „თავისუფლება“) დაარქვეს. მშობლებმა მის დას პრავდა („სამართალი“) დაარქვეს. მან განათლება მიიღო ბელგრადში, მიუნხენში, ციურიხსა და ჟენევაში, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა. 1890-1892 წლებში მან დაასრულა ასპირანტურა საკონსტიტუციო სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებების განხრით პარიზში, მოგვიანებით კი შეუერთდა სერბეთის საგარეო სამსახურს. 1893 წელს იოვანოვიჩი დაინიშნა პოლიტიკურ ატაშედ და სერბული მისიით გაემგზავრა კონსტანტინეპოლში, სადაც ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში სლობოდანმა დაიწყო წერა და თავის ლიტერატურულ კრიტიკულ წერილებს აქვეყნებდა ქვეყნის სხვადასხვა პუბლიკაციებში.
საბოლოოდ მან დატოვა დიპლომატიური სამსახური და გადაწყვიტა აკადემიური და ლიტერატურული საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი. ამავე პერიოდში ის გახდა რამდენიმე ცნობილი გაზეთის წარმომადგენელი და ლიტერატურული კრიტიკოსი. 1897 წელს ის დაინიშნა ბელგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის თანამდებობაზე.
სლობოდან იოვანოვიჩი დაჯილდოებულია ოსმანიეს ორდენითა და წმინდა საბას სახელობის ორდენით.
სერბეთში ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიბერალად და პოლიტიკურ მოაზროვნედ ითვლება. მისი ნამუშევრები არაერთ იდეაზეა მორგებული, მათ შორისაა მაკიაველისა და პლატონისტების იდეები სახელმწიფოს შესახებ, რომლებიც დღესაც აქტუალურია.
სერბეთის წამყვანმა ჟურნალმა, „პოლიტიკამ“ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სლობოდანზე განაცხადა, რომ „მისი სახელი დღემდე ჩვენი კულტურის უმაღლესი მწვერვალია“.
მისი შეგროვებული ნამუშევრები 1939–1940 წლებში 17 ტომად გამოიცა. მასში მოცემულია სამოცი წლის განმავლობაში მისი, როგორც მწერლის, პროფესორისა და პოლიტიკოსის მუდმივი კვლევების შედეგები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია XX საუკუნის პირველი ნახევრის ბალკანეთის ნახევარკუნძულის ისტორიისთვის. ნაშრომების საშუალებით ბევრ რამეს ვიგებთ ავტორის შესახებაც. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ოფიციალურად არ იყო აკრძალული, კომუნისტურ იუგოსლავიაში 1980-იანი წლების ბოლო პერიოდამდე მისი შემოქმედების ამსახველი წიგნების გამოცემა არ ხდებოდა. მისი შემოქმედების საბოლოო, შეგროვებული ვერსია 12 ტომად ბელგრადში 1991 წელს გამოიცა.
2003 წლიდან სლობოდან იოვანოვიჩის პორტრეტი გამოჩნდა 5000 სერბული დინარის ღირებულების ბანკნოტებზე, ხოლო მისი ბიუსტი ბელგრადის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წინ განთავსდა. მისი ოფიციალური რეაბილიტაცია ჩატარდა 2007 წლის 26 ოქტომბერს ბელგრადის სასამართლოს მიერ. 2010 წლის 10 დეკემბრიდან ბელგრადის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წინ მდებარე პლატო იოვანოვიჩის სახელს ატარებს.