ბურგუნდიის სამეფო (ფრანგ. Royaume de Bourgogne) — შუა საუკუნეების სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც არსებობდა X-XIV საუკუნეებში თანამედროვე სამხრეთ-აღმოსავლეთი საფრანგეთისა (პროვანსის, დოფინეს, სავოიისა და ფრანშ-კონტეს ოლქები) და დასავლეთ შვეიცარიის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა 933 წელს ზემო და ქვემო ბურგუნდიების სამეფოების გაერთიანების შედეგად, ხოლო 1032-1034 წლებში შევიდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში. მოგვიანებით სამეფო დაიშალა უფრო მცირე ფეოდალურ სამფლობელოებად (მათ შორის უფრო მეტად ცნობილია — პროვანსისა და სავოიას საგრაფოები, ბურგუნდიის პფალცსაგრაფო), რომელთა უდიდესი ნაწილიც დროთა განმავლობაში საფრანგეთს უერთდებოდა. დედაქალაქის ლათინური დასახელების — არლის გამო, ბურგუნდიის სამეფო ასევე ცნობილია სახელწოდებით არელატი ან არელატის სახელმწიფო.
ბურგუნდიის თანამედროვე ისტორიული ოლქი და რეგიონი არასდროს არ შედიოდა ბურგუნდიის სამეფოს შემადგენლობაში და რჩებოდა საჰერცოგოდ საფრანგეთის მეფის სიუზერენობის ქვეშ.