ლავრენტი მანაგაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 ოქტომბერი, 1944 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 7 აგვისტო, 2019 (74 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი |
ჯილდოები |
საქართველოს სახელმწიფო პრემია |
ლავრენტი (ლაურ) გიორგის ძე მანაგაძე (დ. 14 ოქტომბერი, 1944, თბილისი — გ. 7 აგვისტო, 2019, იქვე) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი და პოლიტიკოსი.
1944 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1967 წელს დაამთავრა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1970-1972 წლებში მუშაობდა სსრკ სამედიცინო აკადემიის ორგანოთა გადანერგვის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1972–1974 წლებში — უფროს მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტულ და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. 1974-1984 წლებში იყო ექსპერიმენტული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1984-1985 წლებში — ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1986-2000 წლებში — ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო, ხოლო 1991-1992 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი.
1998 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. 2000-2004 — წლებში საქართველოს სახელმწიფო ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1999-2004 წლებში — საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ჯანმრთელობობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2008 წლიდან იყო ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი.
გამოცემული აქვს ერთი სახელმძღვანელო, ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. იყო პროფესორი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა – „თირკმლის კონსერვაცია ჰიპოთერმიისა და ჰიპერბარიული ოქსიგენაციის მეთოდების გამოყენებით“. ხოლო 1981 წელს სადოქტორო დისერტაციის თემა – „ბავშვთა თირკმლების გადანერგვა ზრდასრულ რეციპიენტებში“.
გარდაიცვალა 2019 წლის 7 აგვისტოს.