სტავროპოლის მაღლობი

სტავროპოლის მაღლობი
სტავროპოლის მაღლობი
სტავროპოლის მაღლობი
კოორდინატები: 44°56′ ჩ. გ. 42°40′ ა. გ. / 44.933° ჩ. გ. 42.667° ა. გ. / 44.933; 42.667
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სტავროპოლის მხარე
უმაღლესი წერტილი სტრიჟამენტი
სიმაღლე 831,8 
სიგრძე 300 კმ
სიგანე 200 კმ
სტავროპოლის მაღლობი — რუსეთი
სტავროპოლის მაღლობი

სტავროპოლის მაღლობი (რუს. Ставропольская возвышенность) — მაღლობი რუსეთში, სტავროპოლის მხარეში. განლაგებულია წინაკავკასიის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეებს ყუბანსა და კუმას და კუმა-მანიჩის ღრმულს შორის. სუბგანედურად მისი სიგრძე 300 კმ აღწევს, სიგანე სუბმერიდიანულად 200 კმ. სიმაღლე 831,8 მ-მდე (მთა სტრიჟამენტი). სამხრეთ ნაწილში შუამდინარეთის ვაკეები მდებარეობენ ზღვის დონიდან 400–500 მ სიმაღლეზე, ხოლო შთენილი პლატოსებრი სერები 500–600 მ და მეტსაც აღწევენ. მაღლობის შუა ნაწილის აბსოლუტური სიმაღლეა 400–450 მ.

მაღლობი მდინარეთა ფართო ხეობებითა და ხევებით დანაწევრებულია ცალკეული პლატოსებრი მასივებითა და სერებით; დასავლეთ ნაწილში — სენგილეევის ქვაბულია, რომელიც უკავია ამავე სახელწოდების წყალსაცავს. სტავროპოლის მაღლობი აგებულია თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და თიხნარით. საძირკვლად უდევს დანაოჭებული და შემდეგ მოსწორებული პალეოზოური ქანების თაღური სტრუქტურა, რომელიც ალბური ხანიდან იძირება, ხოლო მიოცენში აზევება იწყო. აზევება გრძელდებოდა პლიოცენ-მეოთხეულშიც. ერთდროულად ხდებოდა ეროზიული დანაწევრება.

სტავროპოლის მაღლობსა და კავკასიონს შორის მოქცეულია მათ შორის გარდამავალი ოროგრაფიული ერთეული — პიატიგორიე, რომელიც საკმაოდ მაღალი, განცალკევებული მთებით დაგვირგვინებულ ზეგანს წარმოადგენს.

მაღლობისთვის დამახასიათებელია ზომიერად კონტინენტური კლიმატი რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა –5 °С) ზამთრითა და მშრალი თბილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 24 °С); ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 200–600 მმ წელიწადში (აღმოსავლეთით). მაღლობიდან სათავეს იღებენ მდინარეები ეგორლიკი, კალაუსი, ტომუზლოვკა; გაწყლოვანებულია სტავროპოლის დიდი არხითა და ყუბან-ეგორლიკის სისტემით. სტეპი მოხნულია; მთის მასივებზე — ტყესტეპია ფართოფოთოვანი ტყის მონაკვეთებით.

სქოლიო

  1. Ставропольская возвышенность | Географическая энциклопедия
  2. Топографическая карта масштаба 1:100 000 L-38-109
  3. 3.0 3.1 3.2 ლევან მარუაშვილი, კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია: ნაწილი 2: მეცნიერება, თბილისი, 1981.
  4. 4.0 4.1 Ставропольская возвышенность | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-12. ციტირების თარიღი: 2020-06-16.