ფორტეპიანო — კლავიშებიან-სიმებიანი ინსტრუმენტების კრებითი სახელი, რომელიც მოიცავს მუსიკალურ ინსტრუმენტებს — როიალს და პიანინოს. თანამედროვე ფორტეპიანომ ისტორიული განვითარების დიდი გზა განვლო უძველესი ერთსიმიანი „მონოქორდიდან“. დინამიკურმა და ტემბრულმა შესაძლებლობებმა მრავალხმიანი ფორტეპიანო ერთ-ერთ წამყვან სოლო და თანმხლებ ინსტრუმენტად აქცია.
ფორტეპიანო, ბგერას ანუ ხმას გამოსცემს ჩაქუჩის სიმზე დარტყმით. სიმები გადაჭიმულია რეზონანსულ დეკაზე (პიანინოში დეკა-დაფა განლაგებულია ვერტიკალურად, როიალში კი ჰორიზონტალურად).
თანამედროვე ფორტეპიანოს გააჩნია ორი ან სამი პედალი (მარჯვენა, მარცხენა, საშუალო). ძველებურ ინსტრუმენტებში, ამავე დანიშნულებით მოწყობილი იყო ბერკეტები, რომლებსაც შემსრულებელი-პიანისტი მუხლებით მართავდა.
მარჯვენა პედალზე დაჭერით სიმების ჟღერა ხანგრძლივდება, მარცხენა პედალი — პირიქით, ახშობს. მესამე პედალი, რომელიც სრულყო ჰენრი სტენვეიმ, აგრძელებს გარკვეული ბგერის ჟღერადობას, მარჯვენა პედალის შემდგომი მოქმედებისაგან დამოუკიდებლად.