Memento mori („გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“) — ლათინური გამოთქმა, რომელიც სათავეს იღებს ძველ რომში გავრცელებული პრაქტიკიდან; როდესაც სარდალი ბრძოლიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა და საზეიმო მსვლელობისას („ტრიუმფი“) რომის მოქალაქეთა ბრბოსაგან ქებასა და პატივისცემას იღებდა, არსებობდა რისკი, რომ იგი ამპარტავნებისა და დიდებულების ილუზიის მსხვერპლად იქცეოდა, ამის თავიდან ასარიდებლად, მის უკან მდგარი მონა ეუბნებოდა „Respice post te. Hominem te memento“ („იზრუნე და გახსოვდეს, რომ კაცი ხარ“). ფრაზას ხელახლა იყენებდნენ შუა საუკუნეებში და ის დაკავშირებული იყო ars moriendi-სა („სიკვდილის ხელოვნება“) და მასთან კავშირის მქონე ლიტერატურასთან. Memento mori ასკეტური დისციპლინის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც განმარტოვებასა და სხვა სათნოებებზე ზრუნვით პიროვნული სრულყოფისა და ყურადღების სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისაკენ მიპყრობის საშუალება.
ხელოვნებაში mementos mori მოკვდაობის მხატვრული ან სიმბოლური შეხსენებაა. ევროპის ქრისტიანული ხელოვნების კონტექსტში, ესაა „გამოთქმა… ქრისტიანობის ზრდასთან ერთად განვითარებული, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ზეცაზე, ჯოჯოხეთსა და საიქიო ცხოვრებაში სულის ხსნაზე“.
Memento არის meminī-ის (დამახსოვრება, გონებაში ქონა) მეორე პირის მხოლობითი რიცხვის მომავალი დროის მოქმედებითი გვარის ბრძანებითი კილოს ფორმა და ჩვეულებრივ, გაფრთხილების როლს ასრულებს: გახსოვდეს!; mori კი morior-ის აწმყო დროის მოქმედებითი გვარის განუსაზღვრელი ფორმაა და სიტყვასიტყვით, სიკვდილს, კვდომას ნიშნავს.
სხვა სიტყვებით, ‘გახსოვდეს სიკვდილი’ ან ‘გახსოვდეს, რომ მოკვდები’.
პლატონის ფაედო, სადაც სოკრატეს სიკვდილია მოთხრობილი, წარმოგვიდგენს იდეას, რომ ფილოსოფოსის შესაფერისი პრაქტიკა „სხვა არაფერია თუ არა კვდომა და მკვდრად ყოფნა“. სტოიკოსები განსაკუთრებით იყვნენ ცნობილები ამ დისციპლინის გამოყენებით. ლუციუს ანეუს სენეკას წერილები სავსეა სიკვდილზე ფიქრის მითითებებით.
Memento mori-ს მისალმებად იყენებდნენ პავლისტები (1620-1633), რომელთაც სიკვდილის ძმების სახელითაც იცნობენ. ამტკიცებდნენ, რომ ფრაზას ამავე დანიშნულებით იყენებდნენ ტრაპისტებიც, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
პურიტანული გავლენის გამო, კოლონიალური ამერიკის ხელოვნებაში დიდი რაოდენობით ვხვდებით memento mori-ის გამოსახულებებს. XVII საუკუნის ჩრდილოამერიკული პურიტანული საზოგადოება ალმაცერად უყურებდა ხელოვნებას, რადგანაც სჯეროდათ, რომ ის მართლმორწმუნეებს ღვთისაგან განაშორებდა, ღმერთისაგან შორს კი მას მხოლოდ ეშმაკისაკენ შეეძლო წაეყვანა ისინი, თუმცა პორტრეტები ისტორიის ასახვად ითვლებოდა და ამდენად, ნებადართული იყო. თომას სმითი, XVII საუკუნის პურიტანი, რომელსაც მრავალ საზღვაო ბრძოლაში უბრძოლია, ხატავდა კიდეც. მის ავტოპორტრეტში ჩვენ ვხედავთ ტიპურ პურიტანულ memento mori-ს თავის ქალით, რაც სიკვდილის გარდაუვლობაზე მიგვანიშნებს.
ლექსი თავის ქალის ქვეშ ხაზს უსვამს სმითის მიმღეობას სიკვდილისადმი.
memento mori-ის ხელოვნების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია მექსიკურ ფესტივალთან, გარდაცვლილთა დღე, რაც მოიცავს თავის ქალის ფორმის ტკბილეულსა და პურის „ძვლებით“ მორთულ ფუნთუშებს.
ეს თემა გადმოცემულია ცნობილია მექსიკელი გრავიორის, ხოსე გვადალუპე პოსადას ნამუშევრებში, სადაც ცხოვრების სხვადასხვა მსვლელობა ჩონჩხების სახითაა გამოხატული.
memento mori-ის კიდევ ერთი გამოვლინებაა მექსიკური „კალავერა“, ლიტერატურული კომპოზიცია ლექსის ფორმით, რომელიც, ტრადიციულად, იწერება ადამიანის პატივსაცემად, რომელიც ჯერ ისევ ცოცხალია, თუმცა ისეა დაწერილი, თითქოს ის უკვე მკვდარი იყოს. ამ კომპოზიციებს კომიკური ტონი ახასიათებთ და ხშირად მეგობრები უძღვნიან ერთმანეთს გარდაცვლილთა დღეს.
ადრეულ ბუდისტურ ტექსტებში (სუტაპიტაკა) გვხვდება სიტყვა მარანასატი. პალის ენაზე იგი რთული სიტყვაა, რომელიც შედგება ორი სიტყვისაგან, „მარანასა“ და „სატისაგან“. ამ სიტყვების თარგმანი მსგავსია (თუ ზუსტად იგივე არაა) „memento mori“-ის თარგმანისა. მარანა ნიშნავს „სიკვდილს“ (და სავარაუდოდ, იგი დაკავშირებული უნდა იყოს ლათინურ „მორი“-თან საერთო პროტო-ინდურ-ევროპული ძირის, „მერ-“-ის საშუალებით), სატი კი შესაძლოა ნიშნავდეს „გახსოვდეს“, ასე რომ, მათგან შემდგარი სიტყვა დაახლოებით, ჟღერს, როგორც „გახსოვდეს სიკვდილი!“ (memento mori).
„სიკვდილის მოგონება“ („დჰიკრ ალ-მავთი“) ისლამური სულიერების (ე. ი. „ტაზკიის“, რაც თვითგანწმენდას, გულის გასუფთავებას ნიშნავს) მთავარი თემაა წინასწარმეტყველ მუჰამედის მედინაში ყოფნის დროიდან. ამ საკითხის საფუძველი ყურანშია მოცემული, სადაც ხშირადაა მითითებები წინა თაობების ბედისათვის ყურადღების მიპყრობის შესახებ. ჰადისურ ლიტერატურაში, რომელიც მუჰამედის სწავლებებს ინახავს, ჩაწერილია წინასწარმეტყველის რჩევა მორწმუნეთათვის: „ხშირად გაიხსენეთ სიკვდილი, სიამეთა გამანადგურებელი“. ზოგიერთ სუფს „აჰლ ალ-კუბურს“, „საფლავთა ადამიანს“ ეძახდნენ, რადგანაც ისინი ხშირად დადიოდნენ საფლავების მოსანახულებლად, რათა ეფიქრათ მოკვდაობასა და ამაოებაზე, რაც დაფუძნებული იყო მუჰამედის სწავლებაზე, მოენახულებინათ საფლავები. ალ-ღაზალი თავის უკანასკნელ წიგნს, „რელიგიის მეცნიერებათა გაცოცხლება“, სწორედ ამ საკითხს უძღვნის.