OK Computer OKNOTOK 1997 2017 — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის 1997 წლის ალბომ OK Computer-ის ხელახალი გამოცემა. გამოვიდა 2017 წლის ივნისში ლეიბლზე XL Recordings, მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა EMI-სგან დაიბრუნა ჯგუფის კატალოგი. OK Computer OKNOTOK 1997 2017 არის რემასტერი, რომელიც აგრეთვე შეიცავს დამატებით სიმღერებს და მანამდე გამოუცემელ სამ სიმღერას „I Promise“, „Man of War“ და „Lift“. სპეციალურ ბოქს-სეტში შეტანილია ნახატებიანი ალბომი, შენიშვნები და აუდიოკასეტა სტუდიური დემოებით და სესიური ჩანაწერებით. განსხვავებით ჯგუფის სხვა ხელახალი გამოცემებისგან, რომლებიც EMI-მ გამოუშვა, OKNOTOK შედგენილია Radiohead-ის პროდიუსერობით.
OKNOTOK-ის გამოცემამდე Radiohead-მა დაიწყო აქტიური სარეკლამო კამპანია, დაფუძნებული პოსტერების და ონლაინ-ვიდეოების გავრცელებაზე. მანამდე გამოუცემელი სამივე სიმღერა გამოვიდა სინგლზე, თანმხლები მუსიკალური ვიდეოებით.
წარმოშობა
Radiohead-მა OK Computer, მესამე ალბომი, გამოსცა 1997 წლის ივნისში, EMI-ზე. იგი ჩაიწერა 1996 და 1997 წელს St Catherine's Court-ში (ბათი, სომერსეტი), რომელსაც მსახიობი ჯეინ სეიმური ფლობდა. ეს იყო ჯგუფის პირველი დისკი, ჩაწერილი ნაიჯელ გოდრიჩის თანაშემწეობით.
OK Computer ჯგუფისთვის ბრიტანეთის ჩარტის #1 პოზიციაზე პირველ მოხვედრას ნიშნავდა, რამაც მათ მსოფლიო წარმატება მოუპოვა. სინგლებზე გამოიცა „Paranoid Android“, „Karma Police“ და „No Surprises“, ხოლო „Karma Police“ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებული იყო.OK Computer-მა მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის და ნომინირებული იყო წლის ალბომის კატეგორიაშიც. ბრიტანეთის საუკეთესო ალბომების სიებში, რომლებსაც დროდადრო ადგენენ, იგი მუდმივად ხვდება.
Radiohead-ის კონტრაქტი EMI-სთან ამოიწურა 2003 წელს Hail to the Thief-ის გამოშვებით. შემდგომი ალბომები კოლექტივის მიერ საკუთარი ძალებით ციფრულად და XL Recordings-ზე ფიზიკურად გამოიცემოდა. EMI-მ შეინარჩუნა უფლებები მათ პირველ ექვს ალბომზე. 2008 წელს მან OK Computer ჯგუფთან შეთანხმების გარეშე გამოსცა ორმაგ გრამფირფიტაზე, ხოლო CD-ზე – 2009 წელს, სერიაში Collector's Edition (საკონცერტო ჩანაწერების და B-მხარეების დამატებით). მასალის დიდი ნაწილი ამ ორდისკიან ვერსიაში მანამდე არსად გამოცემულა. თუმცა, პრესის რეაქცია ნათლად გამოხატავდა, რომ, მისი აზრით, EMI უბრალოდ ექსპლუატაციას უწევდა ჯგუფის კატალოგს. გიტარისტმა ედ ო’ბრაიენმა კრიტიკულად ისაუბრა ამის შესახებ და თქვა, რომ „კომპანია ცდილობდა დაკარგული ფულის ყოველი წვეთის გამოწურვას“ და ეს „არ იყო შემოქმედებითი ნაბიჯი“.
2013 წლის თებერვალში Parlophone Warner Music Group-მა შეიძინა. 2016 წლის აპრილში, Impala-სთან შეთანხმების შედეგად, WMG-მ Radiohead-ის კატალოგი დაუბრუნდა XL Recordings-ს. Collector's Editions-ის სერიის გამოცემები ამოიღეს ციფრული სერვისებიდან. 2016 წლის მაისში XL-მა ხელახლა გამოსცა გრამფირფიტებზე Radiohead-ის ძირითადი ალბომები, მათ შორის – OK Computer.
შიგთავსი
OK Computer OKNOTOK 1997 2017-ში შეტანილია OK Computer-ის რემასტერი, აგრეთვე რვა B-მხარე და მანამდე გამოუცემელი სამი სიმღერა, „I Promise“, „Man of War“ და „Lift“. ბოქს-სეტი შეიცავს ალბომს გრამფირფიტის ფორმატში, წიგნს ტომ იორკის შენიშვნებით და იორკის და მხატვარ სტენლი დონვუდის ჩანახატებით.
ბოქს-სეტი აგრეთვე შეიცავს აუდიოკასეტას სხვადასხვა ხმოვანი ექსპერიმენტით, სესიური ჩანაწერებით, დემოებით (მათ შორის მანამდე გამოუცემელი სიმღერებისთვის „Attention"“ და „Are You Someone?“), ისევე, როგორც სიმღერების „The National Anthem“, „Motion Picture Soundtrack“ და „Nude“ ადრეული ვერსიებით. ამ კასეტაზე უკანასკნელი ჩანაწერია „OK Computer Program“, კომპიუტერული სიგნალების ორწუთიანი ჟღერადობით. თავის მხრივ, ეს სიგნალები დამუშავებულია დაბალი სიხშირეების ფილტრით და გატარებულია ZX Spectrum-ში. ნახსენებია ჯგუფის წევრები და 1996 წლის 19 დეკემბერი, შემდეგ კი იწყება ელექტრონული ხმების რამდენიმე წუთი. აგრეთვე დამალულია გზავნილი, ასახული შავ ფონზე: „გილოცავთ...თქვენ აღმოაჩინეთ საიდუმლო გზავნილი სიდი ცოცხალი მმმმმ. კიდევ უნდა ჩავწეროთ.“
ალბომის ეს ვერსია ეძღვნება იორკის ყოფილ მეუღლე რეიჩელ ოუენს, რომელიც გარდაიცვალა გამოცემამდე რამდენიმ თვით ადრე.
სარეკლამო კამპანია და გამოცემა
სანამ 2017 წლის 2 მაისს გამოშვების შესახებ გამოაცხადებდა, ჯგუფი OK Computer OKNOTOK 1997 2017-ზე მინიშნებებს აქვეყნებდა სხვადასხვა ქალაქში დაშიფრული გზავნილებით და 1997 და 2017 წლების მითითებით. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი მოშლილი გამოსახულებები, ტექსტით სიმღერიდან „Climbing Up the Walls“.
OK Computer OKNOTOK 1997 2017-ის ციფრული და CD ვერსიები გამოვიდა 2017 წლის 23 ივნისს, ხოლო ბოქს-სეტის გაყიდვა ივლისში დაიწყო. 2 და 22 ივნისს ყველამ, ვინც ბოქს-სეტი შეიძინა, შეძლო „I Promise“-ის და „Man of War“-ის უფასოდ ჩამოტვირთვა. აგრეთვე გამოვიდა ამ სიმღერების ვიდეოები. 12 სექტემბერს გამოვიდა კიდევ ერთი, „Lift“.
OK Computer OKNOTOK 1997 2017 გამოსვლისთანავე ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მოხვდა, რასაც აგრეთვე ხელი შეუწყო ჯგუფის რიგით მესამე გამოსვლამ გლასტონბერის ფესტივალზე. 11 ივლისს გამოვიდა OKNOTOK-ის გახსნის ამსახველი ვიდეო. ჩიფტენ მიუსი, Radiohead-ის მიერ შექმნილი პერსონაჟი, თავად აჩვენებს ბოქს-სეტის შიგთავსს.
ჯეიმი ეტკინსი (Record Collector) დადებითად აფასებდა ახალ სიმღერებს და ბოქს-სეტის დამატებით აუდიოკასეტას. მან განსაკუთრებით აღნიშნა „Motion Picture Soundtrack“-ის ადრეული ვერსია: „ჩემი აზრით, ეს არის იორკის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება. თავდაპირველად მეტად დაჭრილია – თითქოს ამხელს, რომ აქა-იქ შეუძლია შესრულება – საბოლოოდ კი რაღაც გაბედული ხდება.“Pitchfork წერდა: „OKNOTOK-ში ყველაზე საინტერესო არის...იმის მოსმენა, რომ რაოდენ არის დაკარგული მასალა ორიგინალური ალბომის მომასწავებელი“.