ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში, 2018. | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი | ||
დაბადების თარიღი | 5 თებერვალი, 1992 | ||
დაბადების ადგილი |
მოჟი-დას-კრუზისი, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | პარი სენ-ჟერმენი | ||
ნომერი | 10 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1999–2003 | პორტუგეზა სანტისტა | ||
2003–2009 | სანტოსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2013 | სანტოსი | 177 | (107) |
2013–2017 | ბარსელონა | 123 | (68) |
2017– | პარი სენ-ჟერმენი | 106 | (80) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2009 | ბრაზილია 17-წლ. | 3 | (1) |
2011 | ბრაზილია 20-წლ. | 7 | (9) |
2012–2016 | ბრაზილია 23-წლ. | 14 | (8) |
2010– | ბრაზილია | 122 | (75) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 ნოემბერი, 2022 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 24 ნოემბერი, 2022 |
ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი (პორტ. Neymar da Silva Santos Júnior; დ. 5 თებერვალი, 1992, მოჟი-დას-კრუზისი, ბრაზილია), საყოველთაოდ ცნობილი, როგორც ნეიმარი — ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს კლუბ „პარი სენ-ჟერმენსა“ და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, თავდამსხმელის ან გარემარბის პოზიციაზე.
19 წლის ასაკში ნეიმარმა სამხრეთ ამერიკის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ხმათა უმრავლესობით მოიგო. ამას მოჰყვა სამხრეთ ამერიკის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც. 2011 წელს ნეიმარი წარადგინეს ფიფა-ს ოქროს ბურთის ნომინაციაზე, სადაც მე-10 ადგილი დაიკავა და წლის საუკეთესო გოლისთვის ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდოც მოიგო. ცნობილია სიჩქარით, ცრუმოძრაობებით, დამაგვირგვინებელი დარტყმითა და ორივე ფეხით თამაშის შესაძლებლობით. ყოფილმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პელემ ნეიმარს, „შესანიშნავი ფეხბურთელი” უწოდა, ხოლო რონალდინიომ მას „მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელობა” უწინასწარმეტყველა.
ნეიმარი სანტოსს 2003 წელს შეუერთდა, გაიარა კარიერული გზის საფეხურები და სანტოსის პირველ გუნდშიც მოხვდა. მის დებიუტი პირველი გუნდის რიგებში 2009 წელს შედგა, და იმავე წელს ლიგა პაულისტას (სან-პაულუს შტატის ჩემპიონატი) საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ამას მოჰყვა 2010 წლის ლიგა პაულისტას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და იმავე წელს 2010 წლის საფეხბურთო თასის ბომბარდირობა 11 გოლით. 2010 წელს, მან სეზონი 60 მატჩში 42 გოლით დაასრულა, მისმა კლუბმა კი, იმ წელს ოქროს დუბლი შეასრულა. ნეიმარი 2011 წელს კვლავ გახდა „ლიგა პაულისტას” საუკეთესო ფეხბურთელი, „სანტოსმა“ კი 2011 წლის ლიბერტადორესის თასი მოიგო. ამ თასზე ნეიმარმა 13 მატჩში ითამაშა 6 გოლიც გაიტანა. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა სანტოსისთვის საკონტინენტო დუბლის მოპოვებაში, კლუბმა 1963 წლის შემდეგ ეს პირველად შეძლო. ნეიმარმა „ბრინჯაოს ბურთით” დაჯილდოვდა ფიფა-ს 2011 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც „სანტოსთან” ერთად ფინალამდე მიაღწია და იქ, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ ანგარიშით 4-0 დამარცხდა.
ნეიმარი თამაშობდა ბრაზილიის 17 წლამდე, 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებებსა და ბრაზილიის ოლიმპიურ საფეხბურთო ნაკრებში. მის დებიუტი ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში, 2010 წლის 10 აგვისტოს, 18 წლის ასაკში, აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგა; ნეიმარმა ამ შეხვედრის 28-ე წუთზე თავური დარტყმით გოლი გაიტანა, მთლიანად მატჩი ბრაზილიამ ანგარიშით 2–0 მოიგო. ნეიმარი 9 გატანილი გოლით, მათ შორის 2 ფინალში, ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ 6-0 მოგებულ მატჩში, სამხრეთ ამერიკის 2011 წლის საფეხბურთო ახალგაზრდული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და თავის კლუბს ამ ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. ნეიმარი 2013 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. ამ შეჯიბრზე მას 10 ნომრიანი მაისური ემოსა. 30 ივნისს, ფინალში ნეიმარმა ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებს გოლი გაუტანა. მატჩში ბრაზილიამ ანგარიშით 3-0 გაიმარჯვა. ნეიმარი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და „ოქროს ბურთიც” მიანიჭეს. 2012-სა და 2013 წლებში, SportsPro-მ ყველაზე გაყიდვადი სპორტსმენი უწოდა. 2013 წლის დეკემბერში The Guardian-მა მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მე-6 ადგილი მიაკუთვნა.
2014 წლის 11 ივლისს, ნეიმარი ფიფა-ს ოქროს ბურთის მოპოვების პრეტენდენტთა 10 კაციან სიაში მოხვდა. ნეიმარმა მოიგო ფიფა-ს ბრინჯაოს ბუცი, მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით მესამე ადგილზე გასვლის გამო. ის ასევე მოხვდა ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.
ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი დაიბადა მოჟი-დას-კრუზისში, სან-პაულუში, ნეიმარ და სილვასა და ნადინე სანტოსის ოჯახში. მან სახელი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და შვილს ადრეულ წლებიდანვე ეხმარებოდა პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაში. ნეიმარმა მამის როლი შეაფასა:
„პატარობიდანვე მამაჩემი სულ ჩემს მხარეს იყო. ის ზრუნავდა ყველაფერზე: ჩემს დაფინანსებაზე, ჩემს ოჯახზე...”
ბავშვობაში ნეიმარის ხიბლავდა როგორც ფუტსალი, ასევე ქუჩის ფეხბურთი.
2003 წელს, ნეიმარი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად სან-ვისენტში გადავიდა, სადაც პორტუგეზა სანტისტას ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მოგვიანებით, 2003 წელს , ოჯახი სანტუსში გადავიდა, სადაც ნეიმარი საფეხბურთო კლუბ „სანტოსში” ჩაირიცხა. წარმატებული ახალგაზრდული კარიერის წყალობით, ნეიმარის ოჯახმა, ფეხბურთელის შემოსავლით საკუთარი სახლი შეიძინა. ოჯახის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ნეიმარის ხელფასმა 15 წლის ასაკში, ყოველთვიურად 10,000 რეალი, ხოლო 16 წლის ასაკში ყოველთვიურად 125 000 რეალი შეადგინა. 17 წლისამ, ნეიმარმა პროფესიული კონტრაქტი გააფორმა სანტოსის პირველ გუნდთან.
ნეიმარმა ფეხბურთის თამაში ადრეულ ასაკშივე დაიწყო და მალევე მოექცა „სანტოსის” ყურადღების ქვეშ. ფეხბურთელმა 2003 წელს კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და „სანტოსის” ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო ვარჯიში, იქ სადაც ერთ დროს კოუტინიო, კლოდოალდო, დიეგო, ელანო, ალექსი, რობინიო და თვით პელე თამაშობდნენ. აკადემიაში ყოფნის დროს, ნეიმარი განსოს შეხვდა. ფეხბურთელები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ.
15 წლის ასაკში ნეიმარმა ესპანეთში იმოგზაურა. ის ქვეყნის გრანდ კლუბში, რეალ მადრიდში მოხვდა და იქ მოთამაშე ვარსკვლავებს რონალდოს, ზინედინ ზიდანს და რობინიოს შეხვდა.
„სანტოსის” პირველი გუნდის რიგებში, ნეიმარის პროფესიული დებიუტი 17 წლის ასაკში, 2009 წლის 7 მარტს, „ოესტეს” წინააღმდეგ მატჩში შედგა. „სანტოსმა” ანგარიშით 2–1 მოიგო, ხოლო ფეხბურთელმა, შეხვედრის ბოლო 30 წუთი ითამაშა. ფეხბურთელმა „სანტოსის” რიგებში პირველი გოლი მომდევნო კვირას, მოჟი-მირიმის წინააღმდეგ მატჩში გაიტანა. ერთი თვის შემდეგ, 11 აპრილს, ლიგა პაულისტას (სან-პაულუს შტატის ჩემპიონატი) ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში, ნეიმარმა გადამწყვეტი გოლი გაუტანა პალმეირასს და „სანტოსს”, ანგარიშით 2-1 მოაგებინა. ფინალში, „სანტოსი” კორინთიანსთან 4–2 დამარცხდა. თავის პირველ სეზონში, ნეიმარმა 48 შეხვედრაში ითამაშა და 14 გოლი გაიტანა.
ნეიმარმა ბრწყინვალე თამაში 2010 წელსაც განაგრძო, და, 15 აპრილს, ბრაზილიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე „სანტოსის” მიერ „გუარანისთვის” ანგარიშით 8-1 მოგებულ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. 2010 წლის ლიგა პაულისტაზე ნეიმარმა 19 მატჩში ითამაშა და 14 გოლი გაიტანა, ჩემპიონატის საფინალო ორი მატჩში კლუბებმა „სანტოსმა” და „სანტუ-ანდრემ“ ერთმანეთს 5-5 გოლი (2-3; 3-2;) გაუტანეს, ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული კი პირველ ეტაპზე ნაჩვენები უკეთესი შედეგისთვის „სანტოსს” მიაკუთვნეს, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ნეიმარი დაასახელეს. ნეიმარს, მის მიერ ნაჩვენები საფეხბურთო სპექტაკლების გამო, ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელებს, მათ შორის რობინიოსა და ფეხბურთის ლეგენდას, პელეს ადარებდნენ
2010 წელს, სანტოსმა ნეიმარის მიყიდვის თაობაზე, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ ვესტ ჰემ იუნატიედისგან მიღებულ £12 მილიონიან და მოგვიანებით, ასევე პრემიერ ლიგის კლუბ ჩელსისგან მიღებულ, უკვე £20 მილიონიან შემოთავაზებაზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა რომ სანტოსს ნეიმარის გაყიდვის მიმართ მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და თავად ფეხბურთელიც დაჟინებით იმეორებდა, რომ ის მხოლოდ სანტოსზე იყო ორიენტირებული, ნეიმარის აგენტი, უაგნერ რიბეირო აცხადებდა, რომ ნეიმარის კარიერა სხვაგან უნდა გაგრძელებულიყო.
მას სურს გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშისას კი ამის შანსი ნულს უტოლდება. უაგნერ რიბეირო (ნეიმარის აგენტი)
ერთი წლის შემდეგ, „დეილი ტელეგრაფთან” ინტერვიუში, ნეიმარმა აღნიშნა:
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ჩელსის მხრიდან, ჩემს მიმართ გამოჩენილი ინტერესით და ჩემი ოცნებაც სწორედ ევროპაში თამაშია, ვთვლი რომ ამ ეტაპზე ბრაზილიაში დარჩენა სწორი გადაწყვეტილება იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარისთვის 2010 წლის სეზონიც, როგორც წინა ორი, წარმატებული გამოდგა და სეზონის ბოლოს ფეხბურთელს ჩატარებულ 60 მატჩში 42 გატანილი გოლი მოუგროვდა, პრობლემებმა მაინც თავი იჩინა. პრობლემას ნეიმარის ხასიათიდან გამომდინარეობდა. 2010 წლის 15 სექტემბერს, ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატში, გუანიენსესთან შეხვედრაში, სანტოსის მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა ნეიმარს, მისივე გამომუშავებული პენალტის დარტყმის საშუალება არ მისცა. მწვრთნელის გადაწყვეტილება ნეიმარის მიერ ბრაზილიის თასის ფინალში აცილებული პენალტით იყო განპირობებული. ნეიმარის რეაქცია ძალიან უხეში იყო. ახალგაზრდა ბრაზილიელმა მწვრთნელსა და გუნდის კაპიტანს, ედუ დრაკენას შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, ნეიმარმა საჯაროდ კი მოიხადა ბოდიში, მაგრამ ჟუნიორმა მისი დასჯა მაინც გადაწყვიტა და „კორინთიანსთან” გასამართი მატჩის განაცხადს მიღმა დატოვა. შემდეგ, „სანტოსის” მწვრთნელმა გადაწყვეტილება შეიცვალა და ნეიმარს, კლუბის სასარგებლოდ, ჯარიმის გადახდა დააკისრა, მაგრამ ბოლოს თავდაპირველ სასჯელს დაუბრუნდა და გუნდის მე-11 ნომერი განაცხადიდან კვლავ ამოაგდო, რასაც კლუბის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება და ჟუნიორის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. 2010 წლის 30 დეკემბერს, სამხრეთ ამერიკის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე, ნეიმარმა მესამე ადგილი დაიკავა. მას ანდრეს დ'ალესანდრომ და ხუან სებასტიან ვერონმა აჯობა.
ნეიმარმა სანტოსის რიგებში 2011 წლის ლიბერტადორესის თასზე ექვსი გოლი გაიტანა, ტურნირის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა, მას გამარჯვებულმა რობერტო ნანიმ ერთი გოლით გაუსწრო.. ტურნირის ჯგუფური ეტაპი სანტოსმა მეორე ადგილზე დაასრულა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ს.კ. ამერიკა დაამარცხა (1-0, 0-0). მეოთხედფინალში ონსე კალდასის დამარცხების შემდეგ, სანტოსი ნახევარფინალში გავიდა, სადაც სერო პორტენოს შეხვდა და ორი მატჩის საერთო ანგარიშით 4–3 დაამარცხა. ორმატჩიან საფინალო დაპირისპირებაში სანტოსს მეტოქედ პარუგვაული პენიაროლი მოევლინა. მონტევიდეოში ჩატარებული პირველი მატჩი 0–0 დასრულდა. მეორე მატჩი სანტოსმა საკუთარ არენაზე, პაკაემბუზე, 40 200 მაყურებლის წინაშე ჩაატარა. შეხვედრის 46-ე წუთზე ანგარიში ნეიმარის გოლით გაიხსნა. სანტოსმა ანგარიშით 2–1 გაიმარჯვა და ნეიმარი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. სანტოსმა, 1963 წლის შემდეგ, (მაშინ პელე თამაშობდა სანტოსში) პირველად მოიგო ლიბერტადორესის თასი.
2011 წლის სექტემბერში სანტოსის პრეზიდენტი, ლუის რიბეირო კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გარეშე ფეხბურთელთან მოლაპარაკების გამო, რეალ მადრიდს ფიფაში სარჩელის შეტანით დაემუქრა . 2011 წლის 9 ნოემბერს, ნეიმარი და სანტოსი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი კლუბში დარჩებოდა მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული კლუბებისთვის ნეიმარის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 50%-ით გაიზარდა. 2011 წლის 14 ნოემბერს, 2011 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ქალაქ ტოიოტაში, სტადიონზე „ტოიოტა”, ნეიმარის გოლი დაეხმარა სანტოსს კაშივა რეისოლის ანგარიშით 3–1 დამარცხებაში, თუმცა ტურნირის ფინალში, 2011 წლის 18 დეკემბერს ბრაზილიური კლუბი ესპანურ ბარსელონასთან 4–0 განადგურდა. ნეიმარს 2011 წელს, ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატში ფლამენგოსთან, ანგარიშით 5-4, წაგებულ მატჩში გატანილი ბრწყინვალე გოლის გამო, ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდო მიენიჭა. 2011 წლის 31 დეკემბერს, ნეიმარმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიგო.
2012 წლის 5 თებერვალს, როცა ნეიმარი 20 წლის გახდა, მან პროფესიულ კარიერაში მე-100 გოლი, პალმეირასის წინააღმდეგ მატჩში გაიტანა. 25 თებერვალს პონტე-პრეტას წინააღმდეგ 6-1 მოგებულ მატჩში, ნეიმარმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი 22 მეტრი მანძილიდან. 7 მარტს, ინტერნასიონალთან 3-1 მოგებულ, ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში ნეიმარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.29 მარტს ნეიმარმა გუარატინგეტას გაუტანა, ხოლო 29 აპრილს სან-პაულუს წინააღმდეგ მატჩში, კვლავ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ლიგა პაულისტას 2012 წლის პირველ ფინალურ შეხვედრაში ნეიმარმა დუბლი შეასრულა, ასევე ორი გოლი გაიტანა მან მეორე ფინალურ შეხვედრაში და სანტოსმაც გუარანი საერთო ანგარიშით 7–2 დაამარცხა. ნეიმარმა 2012 წლის ლიგა პაულისტა 20 გატანილი გოლითა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულებით დაასრულა, სანტოსთან ერთად კი ის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ნეიმარი 8 გატანილი გოლით მათიას ალუსტისასთან ერთად ლიბერტადორესის თასის ბომბარდირი გახდა, ხოლო სანტოსი ტურნირის გამარჯვებულთან, „კორინთიანსთან“ ნახევარფინალში დამარცხდა.
25 აგვისტოს ნეიმარმა პალმეირასს გაუტანა. 3 ნოემბერს, ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატი კრუზეიროს წინააღმდეგ გასვლით მატჩში ნეიმარმა სამი გოლი გაიტანა და ფელიპე ანდერსონს საგოლე გადაცემაც გაუკეთა და სანტოსმაც მეტოქეს ანგარიშით 4-0 მოუგო. ნეიმარი გახდა 2012 წლის რეკოპას საუკეთესო ფეხბურთელი, მან მეორე შეხვედრაში გოლიც გაიტანა. ტიტული სანტოსმა მოიგო. ნეიმარმა ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატი 14 გატანილი გოლითა და საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულით დაასრულა. იმავე სეზონში ნეიმარმა ბრაზილიის ოქროს ბურთი, არტურ ფრიდენრაიხის ჯილდო და არმანდო ნოგეირას ალაფი მოიგო. ის წარადგინეს ფიფა-ს ფერენც პუშკაშის ჯილდოზე, თუმცა ბრაზილიელი მესამე ადგილზე გავიდა და გამარჯვებულ მიროსლავ სტოხს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ნეიმარი სამხრეთ ამერიკის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ სანტოსსა და საფეხბურთო კლუბ ბარსელონას შორის მოლაპარაკებებმა საბოლოო ეტაპს მიაღწია, თუმცა ნეიმარმა ერთ-ერთ ინტერვიუში, ეს ყველაფერი უარყო და აღნიშნა, რომ არც ბარსელონასთან და არც სხვა კლუბებთან არანაირი შეთანხმება ყოფილა.
19 იანვარს 2013 წლის ლიგა პაულისტას გახსნით მატჩში ნეიმარმა ორი გოლი გაიტანა და სანტოსმა ანგარიშით 3–1 ს.კ. სან-ბერნარდუ დაამარცხა. ოთხი დღის შემდეგ, 23 იანვარს, ნეიმარმა კვლავ გაიტანა ბოტაფოგოსთან (რპ) ანგარიშით 3–0 მოგებულ მატჩში. 3 თებერვალს ლიგა პაულისტაზე სან-პაულუს წინააღმდეგ მატჩში, რომელიც სანტოსმა ანგარიშით 3–1 მოიგო, ნეიმარმა გოლიც გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა.2013 წლის 18 მარტს, ნეიმარმა განაცხადა, რომ ოცნებობდა ევროპაში, ისეთ დიდ კლუბებში თამაშზე, როგორიცაა ბარსელონა, რეალ მადრიდი და ს.კ. ჩელსი. თუმცა მან იქვე განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი სპეკულაციები იმის შესახებ თუ როდის წავა ის სანტოსიდან. „მაშინ დავტოვებ სანტოსს, როცა მომესურვება”, — განაცხადა ფეხბურთელმა
2013 წლის 13 აპრილს, წინააღმდეგ მატჩში, ლიგა პაულისტაზე „სანტოსი” უნიაო ბარბარენსეს შეხვდა და ანგარიშით 4-0 დაამარცხა, ოთხივე გოლი ნეიმარმა გაიტანა.
25 აპრილს მისმა აგენტმა და მამამ განაცხადეს, რომ ნეიმარი ევროპაში 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატამდე გადავა სათამაშოდ.
2013 წლის 26 მაისს, ნეიმარმა სანტოსის მაისურით ბოლო მატჩი ფლამენგოს წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა არა სანტოსში, არამედ ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში, გარინჩას სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. მატჩში ნეიმარმა გოლი ვერ გაიტანა და სანტოსმაც ვერ მოიგო. ნეიმარი ქომაგებს გოლის გარეშე, მაგრამ თვალცრემლიანი გამოემშვიდობა. ნეიმარმა ბრაზილიის ჰიმნზე იტირა.
2013 წლი 24 მაისს „სანტოსის” მესვეურებმა განაცხადეს, რომ მიიღეს ორი შემოთავაზება ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. „Marca”-ს ინფორმაციით, ეს კლუბები „რეალი” და „ბარსელონა” იყვნენ. საბოლოო არჩევანი ნეიმარს უნდა გაეკეთებინა. მომდევნო დღეს მიღებული გადაწყვეტილება 21 წლის ფეხბურთელმა სოციალური ქსელების მეშვეობით თავად გაავრცელა. ნეიმარმა განაცხადა, რომ ბარსელონასთან კონტრაქტს რამდენიმე დღეში მოაწერდა, ხოლო უშუალოდ კლუბს ფიფა-ს 2013 წლის კონფედერაციის თასის შემდეგ შუერთდებოდა. ფინანსურ მხარეებს კლუბები არ ახმაურებდნენ, მაგრამ ესპანურმა გამოცემა Marca-მ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრასფერის ღირებულება 50 მილიონი ევრო, ხოლო ნეიმარის ყოველწლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალი” ნეიმარს და მის კლუბს უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ „ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს. „ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, კონტრაქტი ხუთ წელიწადზე იქნება გათვლილი. 2013 წლის 3 ივნისს, ნეიმარმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „ბარსელონასთან” კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე გააფორმა. ნეიმარი ესპანურმა კლუბმა გუნდის გულშემატკივრებს კამპ ნოუზე წარუდგინა. პრეზენტაციას 56 500 გულშემატკივარი დაესწრო, რაც სარეკორდო რიცხვი იყო კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ჟოსეპ მარია ბართლომეუმ განცხადები „ბარსელონას” ტრანსფერი €57 მილიონი ევრო დაუჯდა (მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებულთა სიაში მეათეა), ხოლო კატალონიური კლუბიდან ნეიმარის ყიდვის მსურველ კლუბს €190 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მიუხედავად ამისა, იყო საშიშროება, რომ ნეიმარის ფიზიკური კონდიციები ევროპული ფეხბურთის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და ფეხბურთელს ამის გამოსასწორებლად დიდი დრო დასჭირდებოდ.
მადრიდულის პრესის ცნობით, „ბარსელონას” ნეიმარის ტრანსფერი 95 მილიონი ევრო, გავრცელებულ ინფორმაციაზე გაცილებით მეტი დაუჯდა. ამ თანხიდან, ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავის მშობლიურმა კლუბმა „სანტოსმა” მხოლოდ 17 მილიონი მიიღო. 40 მილიონი ნეიმარის მამის კუთვნილებაში მყოფი კომპანიის „N&N”-ის ანგარიშზე ჩაირიცხა. მანვე რვანახევარი მილიონი საკომისიო მიიღო. 8 მილიონამდე დაჯდა „სანტოსის” კიდევ სამი ახალგაზრდა ფეხბურთელის უპირატესი შესყიდვის უფლება. 2,5 მილიონი კი სხვადასხვა აგენტმა აიღო. ამ საკითხზე ესპანეთის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ ეს ინფორმაცია უარყო
2013 წლის 30 ივლისს, „ბარსელონამ” გდანსკის ლეხიასთან ამხანაგური მატჩი ფრედ. 2–2 დაასრულა; ამ მატჩში შედგა ნეიმარის არაოფიციალური დებიუტი, ბრაზილიელი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. 7 აგვისტოს, ტაილანდის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ნეიმარმა პირველი გოლი გაიტანა. ეს მატჩი ბანგკოკში გაიმართა და „ბარსამ” ანგარიშით 7–1 გაიმარჯვა.
„ბარსელონას” რიგებში ნეიმარის ოფიციალური დებიუტი 2013 წლის 18 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატში, ლევანტე მატჩში შედგა. ნეიმარი მოედანზე 63-ე წუთზე, ალექსის სანჩესის ნაცვლად გამოჩნდა. შეხვედრა „ბარსამ” ანგარიშით 7–0 მოიგო. 21 აგვისტოს ბრაზილიელმა ოფიციალურ დონეზე „ბარსელონას” რიგებში, 2013 წლის ესპანეთის საფეხბურთო სუპერთასზე ატლეტიკო მადრიდთან შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის დებიუტი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე შედგა 18 სექტემბერს აიაქსის წინააღმდეგ ანგარიშით 4-0 მოგებულ შეხვედრაში, რომელშიც ნეიმარ და სილვამ ხერარდ პიკეს საგოლე გადაცემაც გაუკეთა. ნეიმარმა ესპანეთის ლა ლიგაში სადებიუტო გოლი 24 სექტემბერს, კამპ ნოუზე რეალ სოსიედადის წინააღმდეგ ანგარიშით 4-0 მოგებულ მატჩში, მე-5 წუთზე შეძლო..
2013 წლის 26 ოქტომბერი, ნეიმარმა თავის სადებიუტო ელ კლასიკოზე, კამპ ნოუზე რეალ მადრიდს გოლი გაუტანა. „ბარსამ” ანგარიშით 2-1 გაიმარჯვა. იმავე მატჩში მან საგოლე გადაცემა ალექსის სანჩესსაც გაუკეთა.
ნეიმარმა 2013 წლის 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, სელტიკის წინააღმდეგ 6-1 მოგებულ მატჩში ჰეტ-ტრიკი შეასრულა.
ბრაზილიის 17 წლამდე ნაკრებში, ფიფა-ს 2009 წლის 17 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა; მან პირველ მატჩში იაპონიის ნაკრებს გაუტანა. ტურნირის დასრულების შემდეგ ბრაზილიელმა ყოფილმა ფეხბურთელებმა პელემ და რომარიომ, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დუნგას მოუწოდეს ნეიმარი ფიფა-ს 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე წაეყვანა. ამის გარდა, ნეიმარის მხარდასაჭერად შეგროვდა ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა 14 000 ხელმოწერა,, თუმცა დუნგამ, ახალგაზრდა ბრაზილიელი ნაკრების გაფართოებულ, 23 კაციან სიაში არ შეიყვანა. მან ნეიმარს „ძალიან ნიჭიერი” უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელს მსოფლიო თასზე წასაყვან ფეხბურთელთა სიაში მოსახვედრად, საერთაშორისო ასპარეზზე საკმარისი გამოცდილება არ გააჩნდა.
2010 წლის 26 ივლისს, ნეიმარი ბრაზილიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში პირველად გამოიძახეს. ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზესმა ფეხბურთელს აშშ-ის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში სათამაშოდ უხმოდ. მატჩი 10 აგვისტოს გაიმართა და ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ნეიმარის დებიუტი 18 წლის ასაკში, 11 ნომრიანი მაისურით იმ დღეს შედგა. შეხვედრის 28-ე წუთზე ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა. 2011 წლის 1-ელ მარტს , ნეიმარმა პრესასთან საუბარში განაცხადა:
ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრა დიდი პრივილეგიაა, არსებობენ საოცარი ფეხბურთელები, და მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ მათ შორის.
2011 წლის 27 მარტს, ნეიმარმა შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს 2 გოლი გაუტანა. ამ შეხვედრაში სკანდალიც მოხდა. ნეიმარის პენალტით გატანილი გოლის შემდეგ, მოედანზე ბანანი ისროლეს. „ძალიან რთულია თამაში მუდმივი დაცინვისა და რასიზმის გამოვლინებების ფონზე”, - განაცხადა ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ. თუმცა გაირკვა, რომ ბანანი ისროლა ბრაზიის ნაკრების გულშემატკივარმა გერმანელმა სტუდენტმა და ეს არ იყო რასისტული გამოვლინება. რაც შეეხება მუდმივ სტვენას, შოტლანდიელმა ჩინოვნიკებმა ეს ახალგაზრდა ვარსკვლავის მუდმივი წაქცევებით ახსნეს. ამიტომ, ბრაზილიის ფედერაციის ოფიციალური მოთხოვნას, რომ შოტლანდიის მხარეს ბოდიში მოეხადა, განხორციელება არ ეწერა. თავად ნეიმარმა კი, თავისი სიტყვების უკან წაღებაზე უარი განაცხადა.
ნეიმარმა მონაწილეობა მიიღო არგენტინაში გამართულ კოპა ამერიკა 2011-ის გათამაშებაში, სადაც ეკვადორის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ ჯგუფური ეტაპის მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო, ხოლო ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ, ასევე ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, „მატჩის საუკეთესო მოთამაშედ” დასახელეს. ბრაზილიამ ტურნირზე გამოსვლა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაასრულა. პარაგვაის წინააღმდეგ მატჩის ძირითადი და დამატებითო დრო ფრედ, 0-ო დასრულდა. გუნდებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმები შეასრულეს, სადაც ბრაზილიელებმა ზედიზედ 4 პენალტი გააცუდეს, ხოლო პარაგვაელებმა 2 დარტყმა გოლად ასახეს და მეტოქეც დაამარცხეს. თერთმეტრიანი ნეიმარს არ შეუსრულებია, ის ძირითადი დროის მე-80 წუთზე შეცვალეს.
2012 წლის 11 მაისს, ნეიმარი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მონაწილე ბრაზილიის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელად დაასახელეს. ბრაზილიელები ლონდონში ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ. ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა, გამოცემა „Globoesporte”-ს ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ ინგლისში მხოლოდ გამარჯვებისთვის იყო ჩასული:
ლონდონში საფეხბურთო ტურნირის მოსაგებად ჩამოვედით. ბრაზილია მსოფლიოს უძლიერესი საფეხბურთო ქვეყანაა და ოლიმპიური ოქრო ჯერ არ გვაქვს. მთელი გუნდი მომავალ შეჯიბრებას განსაკუთრებული სერიოზულობით უდგება. მოთამაშეებმა კუთვნილ შვებულებებზე უარიც კი განვაცხადეთ და ოლიმპიადისთვის მოვემზადეთ. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ და სამშობლოში თავაწეულები დავბრუნდებით.“
20 ივლისს ბრაზილიელები ამხანაგურ მატჩში, სტადიონ „რივერსაიდზე” დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. სამხრეთ ამერიკელებმა ევროპელები ანგარიშით 2-0 დაამარცხეს. პირველ გოლი, ნეიმარის ჩაწოდების შემდეგ, სანდროს თავური დარტყმით გავიდა, ხოლო მეორე ბურთი თავად ნეიმარმა, პენალტით გაიტანა ნეიმარმა ოლიმპიადაზე პირველი გოლი 26 ივლისს, ეგვიპტის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გაიტანა. შეხვედრა ბრაზილიელების გამარჯვებით, ანგარიშიტ 3-2 დასრულდა. მომდევნო მატჩში ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ, ნეიმარმა 25 მეტრიდან, საჯარიმო დარტყმით ბურთი თავადაც გაიტანა და ოსკარსა და პატოსაც გაატანინა გოლები (ბრაზილია - ბელარუსი, 3-1). შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეიმარმა განვლილ შეხვედრაში საკუთარ თამაშს „ბრწყინვალე” უწოდა.
5 აგვისტოს, მეოთხედფინალში, ჰონდურასის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, ნემირმა პენალტით, ოლიმპიადაზე მესამე გოლი გაიტანა. იმავე შეხვედრაში მან საგოლე გადაცემა გაუკეთა ლეანდრო დამიაოს და დაეხმარა ბრაზილიას ანგარიშით 3–2 გამარჯვებაში.
ბრაზილიელებმა ფინალამდე მიაღწიეს, სადაც მექსიკის ოლიმპიურ ნაკრებთან ანგარიშით 2-1 დამარცხდნენ, ოქროს მედლები დათმეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
ლუის ფელიპე სკოლარიმ ნეიმარი 2013 წლისკონფედერაციის თასზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა. ტურნირის დაწყებამდე მას 11 ნომრიანი მაისურის ნაცვლად, 10 ნომრიანი მაისური მიანიჭეს. „ახლა მხოლოდ კონფედერაციის თასზე ვფიქრობ. ბრაზილიას საუკეთესო ნაკრები ჰყავს და გვინდა, რომ სამშობლოში გავიმარჯვოთ. ჩვენ მხოლოდ ტურნირის მოსაგებად ვიბრძოლებთ”, — განაცხადა ნეიმარმა.
2013 წლის 15 ივნისს, ნეიმარმა შეჯიბრზე პირველი გოლი იაპონიის ნაკრებს გაუტანა. მატჩი ბრაზილიის გამარჯვებით 3-0 დასრულდა. 19 ივნისს მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩის მე-9 წუთზე გოლი გაიტანა. 22 ივნისს ნეიმარმა იტალიასაც გაუტანა.
30 ივნისს, ბრაზილიის ნაკრებმა ფინალში ანგარიშით 3-0, ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გაანადგურა. ნეიმარს გოლი ფინალშიც გაიტანა. ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
2014 წლის 5 მარტს, იოჰანესბურგში სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ნეიმარმა სამი გოლი გაიტანა. საფინალო სასტვენის შემდეგ სამხრეთ აფრიკელი ბიჭუნა საფეხბურთო მოედანზე აღმოჩნდა. დაცვის სამსახურმა მისი მოედნიდან გაყვანა სცადა, თუმცა ნეიმარი მივიდა პატარასთან და ბიჭი ხელში აიყვანა. ბრაზილიელებმა გამარჯვება პატარა გულშემატკივართან ერთად იზეიმეს.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, ხორვატიის წინააღმდეგ, ნეიმარმა თავისი 50-ე სანაკრებო შეხვედრა ითამაშა. მატჩი სამხრეთამერიკულმა გუნდმა ანგარიშით 3–1 მოიგო, ნეიმარმა კი დუბლი გაიფორმა. ნეიმარმა ასევე ორი გოლი გაიატანა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კამერუნის წინააღმდეგ. ორივე მატჩში ნეიმარი საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ნეიმარი ჩემპიონატს გამოეთიშა მეოთხედფინალის შემდეგ. ის მძიმედ დაშავდა კოლუმბიის ნაკრებთან მატჩის დროს. 11 ივლისს, ნეიმარი ფიფა-ს ოქროს ბურთის მოპოვების პრეტენდენტთა 10 კაციან სიაში მოხვდა. ნეიმარმა მოიგო ფიფა-ს ბრინჯაოს ბუცი, მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით მესამე ადგილზე გასვლის გამო. ის ასევე მოხვდა ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.
ტაიგო სილვას დაშავების გამო, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ, კაპიტნის სამკლაური ნეიმარს გადააბარა, 5 სექტემბერს კი დაადასტურა, რომ კაპიტნის სამკლაური ნეიმარს დარჩება. დუნგამ პრესასთან საუბარში განაცხადა:
„ნეიმარს მოსწონს პასუხისმგებლობა და აღნიშნული სიახლით ძალიან ბედნიერია. მას მოსწონს გამოწვევა და გამარჯვება - ზუსტად ეს ორი კომპონენტი უნდა ჰქონდეს კაპიტანს. ნეიმარის კაპიტნობა არ ნიშნავს, რომ იგი ერთპიროვნული ლიდერი იქნება. ჩვენ გუნდს სჭირდება ლიდერის თვისებების მქონე რამდენიმე ფეხბურთელი.“
ნეიმარი, როგორ წესი, თავდამსხმელის ან გარემარბის, ზოგჯერ კი შემტევი ნახევრამცველის პოზიციაზე თამაშობს . ხშირად კარგად ერგება 4-3-3 განლაგებას და შეუძლია ფლანგებს შორის სწრაფ ტემპში გადაადგილება. თავბრუდამხვევი ფინტებისა და ტექნიკურობის გამო, ნეიმარს თანამემამულე რონალდინიოსთან ადარებენ. ნეიმარს, მისი საუკეთესო მახასიათებლების: კრეატიულობის, ბრწყინვალე გადაცემების, შეტევის ნაყოფიერად დასრულების, განსაცვიფრებელი დრიბლინგისა და ტექნიკური შესაძლებლობების გამო „ელექტრულსა“ და „ფეთქებადს“ უწოდებენ. ამასთან დაკავშირებით ნეიმარმა თქვა, რომ ის ყოველთვის ესწრაფვის იყოს საუცხოო ყველგან და ყველაფერში, დახვეწოს და გააუმჯობესოს დრიბლინგი, დარტყმა ფეხითა და თავით და ბურთის კონტროლი. მისი თქმით, ნეიმარი მუდმივად ცდილობს გახდეს ისეთივე საუცხოო, როგორიც მისი აზრით მსოფლიოში საუკეთესოები: რეალ მადრიდის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი უეინ რუნი და ბარსელონას ფეხბურთელები ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა არიან.
ნეიმარს შვილი, 2011 წლის აგვისტოში შეეძინა. მაშინ ნეიმარი 19 წლის იყო. პატარა ბიჭუნა დავიდ ლუკა სან-პაულუში დაიბადა. ბავშვის დედის სახელია კაროლინა დანტასი. ნეიმარიც მასთან ურთიერთობაში არ იმყოფება.
ვიტირე, როცა გავიგე, რომ მამა გავხდებოდი. თავდაპირველად შიშის გრძნობა დამეუფლა, შემდეგ გავმხიარულდი. ეს არის ახალი გამოწვევა და მე მზად ვარ ამ პასუხისმგებლობისთვის. ნეიმარ და სილვა
მოგვიანებით მან შვილის დაბადება აღწერა. ნეიმარმა ახალდაბადებულ ბიჭს „სრული ბედნიერების 2.8 კილოგრამი” უწოდა. მან ასევე განაცხადა , რომ მშობიარობის შემდეგ დავიდ ლუკაც და დედამისიც თავს კარგად გრძნობენ.
2013 წლიდან ნეიმარი ბრაზილიელ მსახიობ ბრუნა მარკეზინის ხვდებოდა. წყვილმა, თავიანთი ერთწლიანი ურთიერთობა 2014 წლის თებევალში დაასრულა.
ნეიმარი აღმსარებლობით ქრისტიანია. ნეიმარმა თავისი რწმენის შესახებ განაცხადა:„ცხოვრება მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ჩვენი უმაღლესი იდეალები ემსახურება ქრისტეს!”
2012 წელს, France Football-მა ნეიმარს მსოფლიოში მსოფლიოს უმდიდრეს ფეხბურთელთა რეიტინგში მე-13 ადგილი მიაკუთვნა. რეიტინგში პირველ ადგილზე ლიონელ მესი, მეორეზე დეივიდ ბეკჰემი, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ მესამე ადგილზე გავიდა. ნეიმარის საერთო შემოსავალმა, რეიტინგის მიხედვით €13.8 მილიონი ევრო შეადგინა
ნეიმარის რეპუტაცია ძალიან სწრაფად გაიზარდა და უკვე 17 წლის ასაკში მისი დაფინანსება მრავალმა ცნობილმა კომპანიამ გადაწყვიტა. 2011 წლის მარტში ბრაზილიელმა, ამერიკულ სპორტულ კომპანია Nike-თან 11 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იმავე თვეს, კომპანია Panasonic-მა ნეიმარის ორწლიანი მომსახურებისთვის $2.4 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა. ფეხბურთელმა, ასევე კონტრაქტები გააფორმა Volkswagen-თან, Tenys Pé Baruel-თან, Lupo-სთან, Ambev-თან, Claro-სთან, Unilever-თან და Santander-თან. ყველა ეს კომპანია ნეიმარს წლიურად €20 მილიონ ევროზე მეტით აფინანსებს. 2013 წლის 8 მაისს, ნეიმარი ჟურნალმა SportsPro-მ მსოფლიოში ყველაზე მაღალ მოთხოვნად სპორტსმენად დაასახელა. მან უკან ჩამოიტოვა მესი და რონალდუ. 2012 წლის ნოემბერში სარეკლამო სააგენტო Loducca-მ ნეიმარის პირადი საბრენდო ლოგო შექმნა. ლოგო ლათინური ანბანის ასოებით, ნეიმარი ჟუნიორის ინიციალებისა (N, J და R) და ბრაზილიის ნაკრებში მისი სათამაშო ნომრის, 11-ის სინთეზია.
ნეიმარი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ვიდეო-თამაშების, Pro Evolution Soccer 2012-ისა და Pro Evolution Soccer 2013-ის სამხრეთ ამერიკულ ვერსიების დისკების ყდებზე იყო გამოსახული. Neymar joined Cristiano Ronaldo as a featured cover athlete.
2013 წლის თებერვალში, ნეიმარი გახდა პირველი ბრაზილიელი სპორტსმენი, რომელიც ჟურნალ TIME-ის მთავარ გვერდზე მოხვდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ TIME-ის წინა 8 ნომრის მთავარ გარეკანზე ბრაზილიელი პოლიტიოსები იყვნენ გამოსახული გამოცემაში დაიბეჭდა ბობი გოშის სტატია სათაურით „შემდეგი პელე” და ქვესათაურით: „როგორ ხსნის ბრაზილიელი ფეხბურთის ვარსკვლავის კარიერა მისი ქვეყნის ეკონომიკას”.
2013 წლის აპრილში, ბრაზილიელმა კარიკატურისტმა მაურისიო დე სოუზამ საბავშვო ჟურნალში Monica's Gang (მონიკას ბანდა) ნეიმარის ახალგაზრდული ვერსია (ნეიმარ უმცროსი) გამოაქვეყნა.
2013 წლის მაისში, ჟურნალმა SportsPro-მ ზედიზედ მეორედ, ნეიმარი წლის ყველაზე მოთხოვნად სპორტსმენად დაასახელა. მან გაუსწრო ლიონელ მესის, რორი მაკელროის, უსეინ ბოლტს, კრიშტიანუ რონალდუსა და სხვა სპორტსმენებს. რეიტინგში ფასდება სავალუტო ღირებულება, ასაკი და მომდევნო სამი წლის საბაზრო პოტენციალი.
ნეიმარი აქტიურად უწევს პოპულარიზებას თანამედროვე ბრაზილიურ პოპ-მუსიკას, Música sertaneja-ს. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია ვიდეო რგოლი, რომელშიც ნეიმარი და სანტოსის სხვა ფეხბურთელები, კლუბის გასახდელში პოპულარული ბრაზილიელი მომღერლის, მიშელ ტელოს ჰიტზე „Ai se eu te pego!” ცეკვავენ. ნეიმარი სცენაზე გუსტავო ლიმას გვერდით, მომღერლის ჰიტების „Balada”-ისა და „Fazer Beber”ის შესრულებისას დროსაც დადგა. 2012 წელს, ნეიმარმა სანტოსის მაისურით, საფეხბურთო მოედანზე კიდევ ერთ სერტანეხოს სტილის ჰიტზე „Eu Quero Tchu, Eu Quero Tcha”-ზე იცეკვა. 2013 წელს ნეიმარი გამოჩნდა MC Guime-ის რეპ სტილის სიმღერა Pais do Futebol-ზე გადაღებულ კლიპში.
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | კონტინენტური | საერთაშორისო | შტატის ლიგა | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
ბრაზილია | ბრაზილიის სერია A | ბრაზილიის საფეხბურთო თასი | კონტინენტური თასები | მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | პაულისტა | Total | |||||||
სანტოსი | 2009 | 33 | 10 | 3 | 1 | – | – | 12 | 3 | 48 | 14 | ||
2010 | 31 | 17 | 8 | 11 | 2[შენ. 1] | 0 | – | 19 | 14 | 60 | 42 | ||
2011 | 21 | 13 | – | 13[შენ. 2] | 6 | 2 | 1 | 11 | 4 | 47 | 24 | ||
2012 | 17 | 14 | – | 14[შენ. 3] | 9 | – | 16 | 20 | 47 | 43 | |||
2013 | 1 | 0 | 4 | 1 | – | – | 18 | 12 | 23 | 13 | |||
ჯამში | 103 | 54 | 15 | 13 | 29 | 15 | 2 | 1 | 76 | 53 | 225 | 136 | |
ესპანეთი | ლა ლიგა | კოპა დელ რეი | ევროპული თასები | მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | ესპანეთის საფეხბურთო სუპერთასი | ჯამში | |||||||
ბარსელონა | 2013–14 | 26 | 9 | 3 | 1 | 10[შენ. 4] | 4 | – | 2 | 1 | 41 | 15 | |
2014–15 | 18 | 15 | 3 | 4 | 5[შენ. 4] | 3 | – | – | 26 | 22 | |||
ჯამში | 44 | 24 | 6 | 5 | 15 | 7 | – | 2 | 1 | 67 | 37 | ||
სულ კარიერაში | 147 | 78 | 21 | 18 | 44 | 22 | 2 | 1 | 78 | 54 | 292 | 173 |
ეროვნული ნაკრები | წელი | თამაში | გოლი |
---|---|---|---|
ბრაზილია | 2010 | 2 | 1 |
2011 | 13 | 7 | |
2012 | 12 | 9 | |
2013 | 19 | 10 | |
2014 | 14 | 15 | |
ჯამში | 60 | 42 |
გოლი | თარიღი | სტადიონი | მეტოქე | ანგარიში გახდა | საბოლოო შედეგი | შეჯიბრება |
---|---|---|---|---|---|---|
1. | 20 ივლისი, 2012 | რივერსაიდი, მიდლზბრო, ინგლისი | დიდი ბრიტანეთი | 2–0 | 2–0 | ამხანაგური მატჩი |
2. | 26 ივლისი, 2012 | მილენიუმი, კარდიფი, უელსი | ეგვიპტე | 3–0 | 3–2 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 |
3. | 29 ივლისი, 2012 | ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერი, ინგლისი | ბელარუსი | 2–1 | 3–1 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 |
4. | 4 აგვისტო, 2012 | სენტ ჯეიმზ პარკი, ნიუკასლი, ინგლისი | ჰონდურასი | 2–2 | 3–2 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 |
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
|date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|date=
-ში (დახმარება)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
|accessdate=
და |date=
-ში (დახმარება)
|
|
|